საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მხარს უჭერს მისივე პოლიტიკური გუნდის ინიციატივას ხელახლა, ამჯერად უკვე საბოლოოდ, მიიღოს „აგენტების კანონი”.
ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
„ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი კობახიძე ასევე წერს, რომ “მთავრობამ დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი, ახლა დროა, არასამთავრობოები და მათი დონორებიც გაევროპელდნენ”.
“არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა”, – წერს ირაკლი კობახიძე.