მთავარისაქართველოლევან ჭოღოშვილის ეპოქა

ლევან ჭოღოშვილის ეპოქა

ისე გამოვიდა, რომ ყოველთვის აკრძალულის ჩვენება სურდა. იმის, რაც საბჭოთა ცენზურას არ მოსწონდა. იმის, რასაც საბჭოთა ცენზურა საფრთხედ მიიჩნევდა… ლევან ჭოღოშვილს არ ეშინოდა ამ აკრძალვების. არც იმის, რომ გამოფენებზე არ მიიწვევდნენ. დიდად არც მაშინ დარდობდა, როცა საკუთარი ნამუშევრები სარდაფში შეინახა და ზოგიერთი კიდეც გადაავიწყდა. არც ის გაჰკვირვებია, როცა ცენზურამ მისი დედის პორტრეტიც კი დაიწუნა, სადაც ერთი შეხედვით არაფერი უნდა ყოფილიყო აკრძალული, მაგრამ თურმე ფორმა აღმოჩნდა მიუღებელი.

„ასეთი პარადოქსი იყო საბჭოთა კავშირში – ფორმალისტებს ეძახდნენ მხატვრებს, რომლებსაც უკრძალავდნენ ნამუშევრებს და თან ეუბნებოდნენ, რომ უნდა იყო ფორმალისტი, შინაარსს მნიშვნელობა არ აქვსო. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ჩემს დროს მხატვრები ასეთი პროპაგანდით გამოატვინეს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შინაარსს, მთავარია ფორმა. თან ფორმას თუ გააკეთებ მარტო, მაშინ ფორმალისტი ხარ და შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც. სინამდვილეში შინაარსია მთავარი“, – გვეუბნება ლევან ჭოღოშილი.

მხატვარი ამბობს, რომ მაშინ ეს ყველაფერი ერთდროულად სასაცილოც იყო და უზომოდ ტრაგიკულიც. 70-იან და 80-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში ყველას და ყველაფერს აკონტროლებდნენ, ლევან ჭოღოშვილი არ ერიდებოდა რელიგიურ, პოლიტიკურ და სოციალურ თემებს საკუთარ ნამუშევრებში. ასე შეიქმნა მთელი სერია „განადგურებული არისტოკრატია“, სადაც ლევან ჭოღოშვილმა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურები გააცოცხლა.

„რა თქმა უნდა, მათი ჩვენება არ შეიძლებოდა, რამდენიმე საჩივარიც კი დამიწერეს. მოსკოვში მითხრეს, რომ ბურჟუაზიული მხატვარი ვარ, მენშევიკებს ვხატავ და მსგავსი სისულელეები. როდესაც რაღაცას გაბრალებდნენ, ეს დაბრალებაც კი სისულელე იყო. რა შუაშია ბურჟუაზია და რა შუაშია მენშევიკები. რატომ ეს თემა, განადგურებული არისტოკრატია – იმიტომ, რომ ქართული ეთნოსი მთლიანად არისტოკრატულია და დამპყრობელი ჩვენთან, პირველ რიგში, ამას ებრძოდა. ამ არისტოკრატულ სულს და არამხოლოდ სულს, მის მატერიალურ გამოვლინებებსაც“, – ამბობს მხატვარი.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ სივრცეში მისულ სტუმრებს ლევან ჭოღოშვილის მიერ გაცოცხლებული მთელი ეპოქა დახვდებათ. განუმეორებელი ხელწერით შესრულებული ნამუშევრები, რომელთა ნახვისასაც ავტორს იმ წამსვე ამოიცნობ. წინაპართა სილუეტები, რომლებიც ზოგჯერ ისე ცხადად მეტყველებენ, ზოგჯერ კი, ლანდებს მოგაგონებთ. გარკვეულწილად, სწორედ ეს იქცა ლევან ჭოღოშვილის ერთგვარ სავიზიტო ბარათად.

„ამ გამოფენაზე არ არის ეს სურათები, მაგრამ მე გავიხსენებდი კახეთის მეფეთა პორტრეტებს, რომლებიც ეტაპურია არა მხოლოდ ლევანის შემოქმედებაში, არამედ თანამედროვე მხატვრობაში. ეს არის 7-სურათიანი ციკლი, რომელიც გრემის მუზეუმისთვის დაიხატა. ეს 80-იანი წლებია და ლევან ჭოღოშვილმა ისტორიული პერსონაჟების სრულიად ახლებური ინტერპრეტაცია მოგვცა. 60-70-იან წლებში უმეტესწილად ისტორიული პერსონაჟები და მათ შორის მეფეებიც, გამოისახებოდა როგორც ბრუტალური, აგრესიული პერსონაჟები. თითქოს ხაზი ესმებოდა ამ აგრესიულ საწყისებს, მცირე გამონაკლისის გარდა. ლევან ჭოღოშვილმა მათ სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა. მისი მეფეები არის ჰაეროვანი, წაგრძელებული ფიგურები, შთაგონებული, ჩაფიქრებული სახეებით. სევდიანი სახეები, სადაც აღბეჭდილია ინტელექტი, განცდა, ნაღველი… არაჩვეულებრივად მეტყველი სერიაა, რომელიც მართლა გარღვევა იყო და რომელმაც სრულიად თამამად დაარღვია ტრადიციული კლიშე“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია.

და დღეს, გასული ათწლეულების უამრავი აკრძალვისა და ცენზურის შემდეგ, რა არის მთავარი მხატვრისთვის? რა ანიჭებს ხელოვანს თავისუფლებას?

„მთავარი ის არის, რომ არ ჩამორჩე დროს. დღეს აუცილებელია ევროპისა და ამერიკის ხელოვნების ცენტრებთან გქონდეს კავშირი. იმოგზაურო, ისწავლო იქ და იგივე არ მოგივიდეს, რაც მოუვიდათ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მხატვრებს და არამარტო მხატვრებს, მეცნიერებსაც, მაგალითად, როდესაც ისინი ჩამორჩნენ დროს. ახლა ისე სწრაფად ვითარდება ყველაფერი, რომ თუ ჩამორჩი დროს, უკვე ვეღარც გამოასწორებ. უნდა იცოდე ყველაფერი, რაც ხდება და აი, მერე შეგიძლია, ისეთი რამ გააკეთო, რაც შესაძლოა, შენს სიცოცხლეში ვერც გაიგონ, მაგრამ ის უკვე მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის“, – გვეუბნება ლევან ჭოღოშვილი.

მომავალ თაობებს ნამდვილად დარჩებათ ძალიან მნიშვნელოვანი განძი – ლევან ჭოღოშვილის განუმეორებელი ნამუშევრები, რომელთაგან ნაწილი წლების განმავლობაში მხატვრის მივიწყებულ სარდაფში ეწყო, ნაწილი კი გალერეებსა და ნამდვილი მხატვრობის დამფასებელთა კოლექციებში გადავიდა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend