მთავარისაქართველოქართველი ახალგაზრდები გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროგრამებით სარგებლობენ

ქართველი ახალგაზრდები გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროგრამებით სარგებლობენ

ქართველი სტუდენტები ევროპაში გამოცდილების მისაღებად სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობენ. მათ შორისაა, გერმანიაში საზაფხულო დასაქმება.

ახალგაზრდები ძირითადად მომსახურების სფეროში მუშაობენ. ამბობენ, რომ ფინანსურ სარგებელთან ერთად, უცხო ქვეყნის კულტურასაც იცნობენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ.

სტუდენტი გიორგი ბართია გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროგრამით უკვე სამჯერ იყო. ამ პერიოდში ევროპის 8 ქვეყანაში იმოგზაურა და ახალი ქვეყნების დათვალიერებასთან ერთად გამოცდილებაც მიიღო.

„პირველად გერმანიაში 2021 წელს ვიყავი და მას შემდეგ ყოველ ზაფხულს დავდივარ სამუშაოდ. ამის მთავარი მიზეზი კი იმ თანხის გამომუშავებაა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში რაიმე პროფესიის გარეშე ვერ იშოვი… ეს დასაქმების პროგრამა კარგია მოგზაურობისთვისაც. ქვეყნიდან ქვეყანაში წასვლა ავტობუსით ან მატარებლით შეგიძლია. მოგზაურობისას მიღებული გამოცდილება კი გვეხმარება პიროვნული განვითარებაში“, – თქვა გიორგი ბართიამ.

რაისა ლიპარტელიანი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეა. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები სეზონური დასაქმებით სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან, უარყოფითი გამოცდილებაც ბევრი არსებობს.

„სეზონური დასაქმება ყოველთვის წარმატებული არ არის. ჩვენ არა ერთი მოსარჩელე გვყავს, რომლებიც წავიდნენ სხვა ქვეყანაში, კონკრეტულად გერმანიაში. მათ ჰქონდათ სხვა მოლოდინი და მიიღეს სხვა. მაგალითისთვის, იმის ნაცვლად, რომ ემუშავათ შოკოლადის საწარმოში, მოუწიათ მანქანის ნაწილების ამწყობ ქარხანაში მუშაობა. მუშაობდნენ ძალიან მძიმე პირობებში, ყოველგვარი საცხოვრებლისა და შესაბამისი ანაზღაურების გარეშე“, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

მარიტა ნადირაშვილი 2022 წლის ზაფხულში გერმანიაში სტუდენტური საზაფხულო დასაქმების პროგრამით იყო. ამბობს, რომ მისთვის შეუსაბამო ფიზიკურ შრომასთან ერთად ანაზღაურებაც ვერ მიიღო. სასამართლო დავის შემდეგ კი სრული პასუხისმგებლობა დასაქმების სააგენტოს დაეკისრა.

„გერმანული სტუდენტური დასაქმების პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისთვის – ტურისტული, ენის შესწავლისა და ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრ სტუდენტს უარყოფითი გამოცდილებაც ჰქონდა. ამიტომ ყველას სტუდენტს ვურჩევ, რომ გაეცნონ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ქართველ აგენტებთან დებენ. იცოდნენ, რომ აგენტები სტუდენტების საქართველოში დაბრუნებამდე პასუხისმგებელი პირები არიან რომ მათი დასაქმების პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიაროს“, – ამბობს მარიტა ნადირაშვილი.

მიუხედავად რამდენიმე სტუდენტის ცუდი გამოცდილებისა, ახალგაზრდების ნაწილი მაინც თვლის, რომ გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროგრამა მათთვის ახალი გამოცდილება იქნება.

„ამ საზაფხულო დასაქმების პროგრამის დადებითი მხარე ფინანსურ სარგებელთან ერთად, ახალი კულტურის გაცნობაა. მაგალითად თუ გერმანულს სწავლობ შეგიძლია, საუბრის გამოცდილება მიიღო. ჩემთვის ფინანსურ სარგებელზე მნიშვნელოვანი, გერმანული ენის უკეთ დაუფლებაა“, – ამბობს ნინო ეხვაია, სტუდენტი.

ნინო ეხვაია მედიცინის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიაში წასვლა მისთვის უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შანსია.

სტუდენტების ნაწილს მარიტას მსგავსად, უარყოფითი გამოცდილება ჰქონია. თუმცა ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის გერმანიაში სეზონური დასაქმება პიროვნული განვითარებისა და ფინანსური სარგებლის მიღების კარგი გზაა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend