მთავარისაქართველო“ფერადი ქალაქი” - რა ხდება 18 წლის შემდეგ…

“ფერადი ქალაქი” – რა ხდება 18 წლის შემდეგ…

ნინო ჭინჭარაულს ორი შვილი ჰყავს, 3 წლის ლუკა და 9 წლის ალექსანდრე. ისინი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები არიან. ნინო ამბობს, რომ წლების წინ, როცა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ძალიან რთული იყო ამ პრობლემისათვის თავის გართმევა. მაშინ სპეციალური პროგრამა არ არსებობდა და ყველა ხარჯს თავად უნდა გამკლავებოდა. ნინო ამბობს, რომ ახლა პირობები გაუმჯობესებულია, არის სხვადასხვა პროგრამა, პროექტი, თუ ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და მიმღებლობის გაზრდაზე. თუმცა ამის მიუხედავად კვლავ ბევრი გამოწვევაა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი არის ის, რომ 18 წლის შემდეგ აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს სერვისები აღარ მიეწოდებათ.

„გვაქვს მერიის პროგრამა, ადრეულის პროგრამა და პატარ-პატარა პენსიაც აქვთ ბავშვებს, თუ შშმ პირის სტატუსი აქვთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან უმეტესობას სჭირდება სენსორული თერაპია, რადგან სენსორული პრობლემები აქვთ და ეს თერაპია არ ფინანსდება და გვიწევს ჩვენი ხარჯებით გადავიხადოთ. 18 წლის შემდეგ ბევრი სერვისი უწყდებათ, 18 წლის შემდეგ ეს ბავშვები აღარ იქნებიან შშმ პირები? აღარ ექნებათ სტატუსი, აღარ ექნებათ იგივე პრობლემები? როცა ქვეყანა უფრო განვითარებულია და წინ წასულია, იქ განსხვავება არ არსებობს, ტიპური განვითარების ადამიანისა და შშმ პირისთვის, ერთნაირი, თანაბარი პირობებია“, – ამბობს მშობელი, ნინო ჭინჭარაული.

აუტიზმის ეროვნულ ცენტრს “ფერადი ქალაქი” ჰქვია. ეს ქალაქი, აუტიზმის სპექტრის მქონე, 18 წელზე უფროსი პირებისათვის, აშენდა სერვისების მისაწოდებლად. “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის” დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე ამბობს, რომ 2013 წელს, მათ მერიაში პირველად შეიტანეს პროექტი, 2017 წელს 2 ჰექტარი მიწა გადაეცათ და მასზე საქველმოქმედოდ გაღებული ხარჯებით 4 კოტეჯი ააშენეს. სოფიო კერესელიძის თქმით, ამ ცენტრის დანიშნულებაა, 24 საათის განმავლობაში ადევნონ თვალ-ყური აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს. ასევე განსაზღვრულია სივრცე რთული პერიოდის მართვისთვის და ისეთ უნარებზე სამუშაოდ, რომელთა ათვისებაც დღის პროგრამებში შეუძლებელია.

„ფაქტობრივად 18 წლიდან რჩებიან ყოველგვარი მეთვალყურეობისა და სერვისის გარეშე და 18 წლამდე არსებული პროგრამები რაც არსებობს, რაც დაფინანსდა, გამოდის, რომ არის ფაქტობრივად წყალში გადაყრილი თანხა. ეს კი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, შევუმსუბუქოთ მათ და მათ ოჯახებს მდგომარეობა. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შეიძლება დასაქმდნენ კიდეც სხვადასხვა სფეროში იმის გამო, რომ აქამდე არსებული სერვისები 18 წლამდეა და მათ მოუწიათ ამ სერვისების შეწყვეტა და მაგალითად, პირადად ჩემს შვილს 3 წლის განმავლობაში პრაქტიკულად სერვისი არ მიუღია. ეს ბევრად ართულებს მის მდგომარეობას და დასწავლილი უნარების რეგრესიც ხდება. ამჟამად, განფასებულია ეს პროგრამა. გადაცემულია განათლების, ჯანდაცვისა და მერიის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, რომლებიც გაეცნობიან და ვიწყებთ ადვოკატირებას, საპილოტე პროგრამის ამუშავებისთვის, რომელსაც უნდა მოჰყვეს შემდგომში ამ პროგრამის ადვოკატირება სახელმწიფოსთან დასაფინანსებლად“, – ამბობს სოფიო კერესელიძე, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის დამფუძნებელი.

ამანდა ნიკოლსონი ქცევის ფსიქოლოგია, ის უკვე 20 წელია, რაც აუტიზმის სპექტრის მქონე პირებთან მუშაობს. მან “აუტიზმის ეროვნულ ცენტრში” მომავალ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა და აუტიზმის სპექტრის მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს კონსულტაცია გაუწია.

„ეს ცენტრი ზრდასრული, აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის ერთადერთია საქართველოში. 18 წლისები რომ ხდებიან, ყველანაირი სერვისი უწყდებათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრში არსებობდეს მუდმივი პროგრამა, რათა ზრდასრულებმა შეძლონ პროფესიის დაუფლება, საკუთარ თავზე ზრუნვა, იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია მათ ეს ვასწავლოთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ მათზე მორგებული სერვისების განვითარებას. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, უფრო მეტი გაგება იმისა, რომ ეს პროგრამები კარგია“, – ამბობს ამანდა ნიკოლსონი, ქცევის ფსიქოლოგი.

ნინო ჭინჭარაული ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს. მისი თქმით, აუცილებელია აუტისტური სპექტრის მქონე ყველა პირისათვის, მისი ასაკის მიუხედავად, არსებობდეს კონკრეტული პროგრამები, რათა მათ საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend