შაბათს, ღამით, ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო წირვას გაუძღვა და 10 წუთის განმავლობაში იქადაგა ერთ-ერთ ყველაზე საზეიმო და მნიშვნელოვან დღესასწაულზე.
წმინდა პეტრეს ტაძარში იგი ეტლით შეიყვანეს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო რომის პაპმა დიდ პარასკევს ვერ მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში.
იტალიაში აღდგომას უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე აღნიშნავენ. ქვეყანამ, საფრანგეთის მსგავსად, მოსკოვში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების რეგულაციები გაამკაცრა.
იერუსალიმშიც განსაკუთრებულად იყო გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.
ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე წელს ქალაქში ჩვეულებრივზე ნაკლები მომლოცველი ჩავიდა. დღესასწაულზე ძირითადად იქ მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანები შეიკრიბნენ. შაბათის წირვა აღდგომის წმინდა ტაძარში არქიეპისკოპოსმა პიერბატისტა პიცაბალამ ჩაატარა.
იმ დროს, როდესაც ბევრ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, გერმანიაში მშვიდობიანი მსვლელობების დრო დგება. ეს ტრადიცია სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. გასულ შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა.