მთავარისაქართველოხელოვნური ინტელექტი ქართულ ენას სწავლობს

ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენას სწავლობს

ექიმები სამუშაოს დიდ დროს დოკუმენტების შევსებას უთმობენ. წარმოიდგინეთ, რომ საბუთებზე დახარჯული საათები განახევრდეს და ექიმის ნაცვლად ეს საქმე ხელოვნურმა ინტელექტმა შეასრულოს. 

საქართველოს მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია ამჟამად სწორედ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ მოდელზე „სფიჩ თუ ტექსტზე“ მუშაობს, რომლის დახმარებითაც ექიმი ილაპარაკებს, ხოლო ხელოვნური ინტელექტი საუბარს ტექსტის ფორმას მისცემს.

„ დღეს ექიმის სამუშაო პროცესის 50% მიდის ისტორიების შევსებაზე რაც მათი სამუშაოს ერთ-ერთო ყველაზე დამღლელი და შრომატევადი პროცესია. განვითარებულ ქვეყნებში კი ისტორიის შევსება ხდება საუბრით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ტექსტში და შემდგომ ისახება ფორმა 100-ში. ამის დახმარებით ექიმები სამჯერ მეტ დროს ზოგავენ და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 51%-ით იზრდება“, – აღნიშნავს გიორგი ხრიკაძე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიიდან.

მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებლის რატი სხირტლაძის თქმით, „სფიჩ თუ ტექსტის“ მოდელი, არამხოლოდ მედიცინაში, არამედ ბევრ სხვა სექტორში შეცვლის და დახვეწს სამუშაო პროცესს და სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოდელის შექმნაში ბევრი ადამიანი ჩაერთოს.

„ხელოვნური ინტელექტის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ბევრ მონაცემზე იწვრთნება და წყვეტს ამოცანებს. არსებობს ბევრი ტიპის ხმა, ქალი მამაკაცი, მაღალი და ბალი ტემბრი, სიზუსტე რომ იყოს მაღალი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრი ტიპის ხმა იყოს ჩაწერილი. ასე სიზუსტე მნიშვნელოვნად იზრდება“, – განაცხადა მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელმა.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორის გიგი გიორგაძე ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენის დასწავლა არამხოლოდ სამუშაოს შემსუბუქებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად ქართული ენის შენარჩუნებისთვისაც.

„თუ გვინდა, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ზოგადად ხელოვნური ინტელექტი ქმნის ქართველებისთვის, საქართველოში ბიზნესებისთვის, სხვადასხვა სექტორში ხელმისაწვდომი იყოს, მაშინ ქართული ხელოვნური ინტელექტიც უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა და ყველა სოციალური სისტემა, განათლება იქნება ეს, ჯანდაცვა, გართობა, კულტურა და სხვა ყველაფერი, მაინც ქართულად მუშაობს შესაბამისად, ინგლისურად ეს მოდელები შეიძლება არსებობდეს. შეიძლება ვინც ინგლისური იცის კარგად იყენებდეს მას, თუმცა ამის ათვისება ქართულ სივრცეში შეუძლებელი იქნება ენის ბარიერის გამო. თუ გვინდა, რომ ენა შევინარჩუნოთ და ის დარჩეს ყოველდღიურობის ნაწილად, მაშინ უნდა შევძლოთ მისი ტექნოლოგიებთან ადაპტირება“, – აღნიშნავს გიგი გიორგაძე.

როგორც აღმოჩნდა, ყველა მოქალაქეს შეუძლია ხელოვნური ინტელექტს ქართული ენის ასწავლოს. ამისთვის არსებობს ღია წვდომაში არსებული ვებგვერდი, Common Voice, სადაც მომხმარებელი სიტყვებს ქართულად წაიკითხავს, ხელოვნური ინტელექტი კი დაიმახსოვრებს და შეაგროვებს ამ ინფორმაციას.

მონაცემთა ანალიზის  ახალგაზრდულმა გუნდმა გამოცდის მიზნით, ხელოვნურ ინტელექტს უთხრა   „საქართველო ერთა ლიგის ფინალშია და აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი“.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მიიღო. ამ ისტორიული გამარჯვების შესახებ მოგონება მთელ საქართველოსთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მეხსიერებაშიც დარჩება.

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend