მთავარისაქართველოევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაცია

ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაცია

2024 წლის 6-იდან 9 ივნისამდე დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც საქართველომ ბლოკში გაწევრების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. ევროპარლამენტის არჩევნები ყოველ 5 წელში ერთხელ იმართება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის 400 მილიონზე მეტი მოქალაქე შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს ბლოკის საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებაში.

ამჟამად ევროპარლამენტში 705 დეპუტატია, შემდეგ მოწვევაზე პარლამენტს 15 მანდატი დაემატება. თითოეული წევრი ქვეყნისთვის მანდატების განსაზღვრული რაოდენობაა გათვალისწინებული, რაც მოსახლეობის სიდიდეზეა დამოკიდებული.

ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეების მიერ არჩეული ადგილობრივი კანონმდებლები საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე ევროპარლამენტში არსებულ სხვადასხვა ფრაქციაში ნაწილდებიან.

ამჟამად ბლოკის საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი “ევროპის სახალხო პარტიაა” (EPP), მას მოსდევს “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი” (S&D).

ევროპარლამენტის არჩევნებს საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახალი მოწვევის პარლამენტს მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და გაფართოების პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დიდი უმრავლესობა, 80%, ევროინტეგრაციის მომხრეა, ისინი ნაკლებად იცნობენ ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მხრიდან მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ბლოკის სხვადასხვა სტრუქტურის მოქმედების შესახებ ცნობიერება ამაღლდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში ევროპარლამენტის არჩევნები დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უახლოეს წლებში. სხვადასხვა წინასაარჩევნო პროგნოზის თანახმად, რიგ წევრ ქვეყნებში მემარჯვენე და ევროსკეპტიკური ჯგუფები ძლიერდებიან. მათი წარმატების შემთხვევაში კი შესაძლოა შესუსტდეს ევროპარლამენტის მხრიდან კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერა და შეფერხდეს ბლოკის გაფართოების პროცესი.

შესაბამისად, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის დაუჭერენ მხარს ევროკავშირის მოქალაქეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend