მთავარიმსოფლიომიგრანტთა კრიზისის გავლენა ევროპარლამენტის არჩევნებზე - ინტერვიუ ევროკომისართან

მიგრანტთა კრიზისის გავლენა ევროპარლამენტის არჩევნებზე – ინტერვიუ ევროკომისართან

იღებენ თუ არა ევროკავშირში შესაბამის გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება მიგრანტთა კრიზისს, ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხს წევრ სახელმწიფოთა შორის და რა გავლენას მოახდენს ეს საკითხი ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე – სწორედ ეს თემები განვიხილეთ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: ვიცე-პრეზიდენტო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საუბარი დავიწყოთ ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო თემით – მიგრანტთა კრიზისით. 2019 წელს, როდესაც ცხოვრების ევროპული წესის დაცვის საკითხებში ევროკომისარი გახდით, მიგრანტების პრობლემას უკვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ახლა კი ეს კრიზისი უფრო გამწვავდა და ის უკრაინაში სრულმასშტაბიან რუსულ ინტერვენციას დაუკავშირდა. როგორ შეაფასებდით ევროკავშირის ამჟამინდელ საემიგრაციო პოლიტიკას, ამ მიმართულებით ტუნისსა და ეგვიპტესთან მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით ელით თუ არა ამ ტიპის სხვა ხელშეკრულებების გაფორმებას?

მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ, როგორც მეხანძრეები და არქიტექტორები, ისე ვმუშაობდით. ძალიან ბევრ კრიზისთან მოგვიწია გამკლავება როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. კრიზისი კრიზისს მოსდევს, ინციდენტი ინციდენტსა და ხომალდი  ხომალდს. ხშირ შემთხვევაში წარმატებით ვართმევთ თავს ამ პრობლემას. რამდენიმეწლიანი წარუმატებლობის შემდეგ მივაღწიეთ ევროკავშირის ფარგლებში მიგრაციის შესახებ ახალ პაქტთან დაკავშირებულ შეთანხმებას. გასული წლის 20 დეკემბრიდან მოყოლებული ევროპას აქვს შემუშავებული თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული შესაბამისი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ჩვენს საზღვრებს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ე.წ. ტრანზიტორ სახელმწიფოებზე, როგორებიცაა ეგვიპტე და ტუნისი. ამ სახელმწიფოთა მიერ გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგად, მიგრანტთა ნაკადის თვალსაზრისით, ნამდვილად გვაქვს წინსვლა.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: მოდი, ვისაუბროთ ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ. მიგრაცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ხშირ შემთხვევაში უთანხმოების მიზეზიცაა. როგორ ფიქრობთ, არსებობს ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან მემარჯვენე იდეოლოგიისკენ გადახრის საფრთხე?

მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: პირველ რიგში, უნდა ვიამაყოთ ევროკავშირით, ვინაიდან ეს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ერთობაა. არჩევნები დადებითი მოვლენაა. სწორედ ამიტომ შურთ ჩვენი. სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ ჩვენ მიერ გაკვალულ გზას დაადგნენ, ჩვენ თავისუფალ გარემოში ვატარებთ არჩევნებს. ინდოეთის საარჩევნო პროცესის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ამომრჩეველი მონაწილეობს. მე არ ვდარდობ. მიმაჩნია, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში მოქალაქეთა მიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღებაა და მათ მიერ პოლიტიკოსებისათვის ამ უკანასკნელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაა საარჩევნო ყუთთან. არ მგონია, რომ წინ მემარჯვენეთა ტრიუმფი, ან გნებავთ, რადიკალი მემარჯვენეების მიერ პოლიტიკური პროცესის პარალიზება გველის. ნიდერლანდელი ამომრჩევლის 24-მა პროცენტმა მხარი გერტ ვილდერს დაუჭირა, 76-მა კი – არა. ის ვერ გახდება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. პოლონეთში მემარცხენეებმა გაიმარჯვეს, დონალდ ტუსკმა და მისმა მომხრეებმა, რომში კი – ქალბატონი მელონის მეთაურობით ე.წ. “პუტინის მხარდამჭერების პოლიტიკურ აღმასვლას” ვერ ვხედავ. პირიქით, მე ამას პუტინის მხარდამჭერებისთვის გამოწვევად მივიჩნევ. არჩევნებამდე ორი თვე დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: დიახ, წინ ჯერ კიდევ ორი თვეა, შესაძლებელია თუ არა თქვენს პოლიტიკურ ძალასა და რადიკალ-მემარჯვენეებს შორის ალიანსი? იქნებოდა თუ არა ეს ე.წ. წითელი ხაზის გადაკვეთა?

მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: მე აქ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვიმყოფები. მე მანფრედ ვებერის თანამდებობა არ მსურს, თუმცა შემიძლია, რომ მოვლენათა განვითარების ჩემეული ხედვა გაგაცნოთ. მიმაჩნია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ზომიერი პოლიტიკური ძალების გაერთიანების პლაცდარმად დარჩება. მე ვერ ვხედავ ისეთ მომავალს, რომელშიც ჩვენ რადიკალ-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებთან ვიქნებით ალიანსში. სწორედ „ევროპის სახალხო პარტიის“ დატოვება მოუწია ვიქტორ ორბანს. აქედან გამომდინარე, „ევროპის სახალხო პარტია“ ერთიანობის შემქმნელ პარტიად რჩება. მიუხედავად ამისა, რიგ საკითხებზე რადიკალ-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ახალ ევროპარლამენტში სიმძიმის ცენტრი უცვლელი დარჩება.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: და ბოლოს, აპირებთ თუ არა, უფრო აქტიურად იმოქმედოთ იმისთვის, რომ არჩევნებზე უფრო მეტი ახალგაზრდა ევროპელი მოიზიდოთ, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც პირველად ეძლევა ხმის მიცემის საშუალება.

მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ყველამ ვნახეთ ბრექსიტი. გაერთიანებულ სამეფოში ბევრი წარმატებული პოლიტიკოსი უჭერდა მხარს ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს – ეს ბრექსიტია. იმავე შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ბევრი ლიდერი გვყავს სპორტში, კულტურაში, ფილოსოფიასა და სხვა ინდუსტრიებში. მსოფლიოს ჩვენი ბევრი თვალსაზრისით შურს. ჩვენი ბევრი მოქალაქე საზღვარგარეთ მუშაობს, გადასახადებს იხდის. მათაც უნდა მოუწოდონ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მოვალეობაც გახლავთ. მე ამ საქმეს ბრიუსელში ვაკეთებ. თუმცა ამავე დროს მიმაჩნია, რომ ევროკომისრები არ არიან ის ფიგურები, რომლებიც ამ საქმეზე უნდა მოცდნენ. ეს საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. მე მსურს, განახლებულ ევრონიუსს მივმართო და ამ თვალსაზრისით დახმარება ვთხოვო. წარმატებულმა ადამიანებმა ახალგაზრდებს მაგალითი უნდა მისცეთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend