მთავარისაქართველოთოჯინების „მეჯლისი“

თოჯინების „მეჯლისი“

ანჟელიკა, პიერო, სისი… და კიდევ სხვები დღევანდელი გამოფენის მთავარი მონაწილეები არიან.

ამ საინტერესო თოჯინების ამბავი 2024 წელს დაიწყო. ისინი ოთხთვიანი მუშაობის შედეგად შექმნა მეთოჯინე ბაჩო ცანავამ და ახლა, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გამოფინა.

„ჩემთვის შთაგონების წყარო იყო ბაროკოსა და როკოკოს ეპოქები, როდესაც ქალბატონები და ბატონები მდიდრული სამოსებით იყვნენ შემოსილები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ გამოფენისთვის მეჯლისი დაგვერქმია. დღეს მუზეუმების გამოფენაზე თოჯინების მეჯლისი გვაქვს“, – ამბობს ბაჩო ცანავა.

„დღევანდელი გამოფენა თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრატეგიის ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო დღის აღნიშვნა. თუმცა ეს შემთხვევა ჩვენთვის კიდევ უფრო სასიხარულოა, რადგან ამ გამოფენის ავტორი თბილისი მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელია“, – თქვა ნინი სანადირაძემ, თბილისი მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

გამოფენაზე ყველა ასაკის დამთვალიერებელს შეხვდებოდით.

„ბაჩოს თითოეული თოჯინა განსხვავებულია. ყველა განსაკუთრებულად სახასიათოა. მათი თავიანთი პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. თითოეულ თოჯინაში ავტორის შრომა და თავდადება ჩანს“, – ამბობს ქეთი ღონღაძე, დამთვალიერებელი.

მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2002 წლიდან აღინიშნება. ანჟელიკას, პიეროსა და სხვების მონახულება სტუმრებს ილიას მუზეუმში 25 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend