მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გამოხატა, თუმცა მათ სამძიმარში არ იყო ნახსენები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ ტერაქტის შესახებ განაცხადა, რომ თავდასხმით შოკირებულები და შეძრწუნებულები არიან. ამავდროულად, მათ დაგმეს ნებისმიერი თავდასხმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
I strongly condemn the terrorist attack against civilians in the Crocus City Hall in Moscow claimed by the Islamic State.
My thoughts are with the victims and their families during this tragic time.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 23, 2024
თითოეულ სამძიმარში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ნახსენები და არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს, დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ ამის გამო შესაძლოა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა გააძლიეროს. ისინი მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ მომხდარი ტერაქტი უკრაინის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს.
ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, შეშფოთებულები არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით, რომელიც ცდილობს, რომ უკრაინასა და ტერორისტულ თავდასხმას შორის გარკვეული კავშირი დაინახოს. პიტერ სტანომ ეს მოსაზრება უარყო და განაცხადა, რომ ამის არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ამავდროულად, მან მოუწოდა რუსეთს, რომ ეს ფაქტი უკრაინაზე თავდასხმის გაძლიერებისთვის არ გამოიყენოს.