26 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და ქართველ ფეხბურთელებს “დინამო არენაზე” შეკრებილი 54 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. ხვალინდელი მატჩი უდიდეს ისტორიულ დატვირთვას ატარებს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ყვითელი ბარათების შეზღუდვა მოეხსნა ხვიჩა კვარაცხელიას და ის ხვალინდელ თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები შეკრებაზე საგურამოში იმყოფება, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა სივრცე, სადაც შეკრებილ ხალხს შეეძლება, რომ დიდ ეკრანზე უგულშემატკივროს ეროვნულ ნაკრებს. ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, სამტრედიაში, რუსთავსა და სხვა ქალაქებშიც დაამონტაჟებენ დიდ ეკრანებს და ყველას ერთად შეეძლება ქომაგობა. 26 მარტს 18:00-იდან ,,ქართული სპორტის ქომაგები” აღმაშენებლის 127-იდან დაიწყებენ მსვლელობას და გადაინაცვლებენ “დინამო არენისკენ”.
,,ყველა, 26-ივე ფეხბურთელი მზადაა, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, ხვალინდელ შემადგენლობას. ყველას უნდა ხვალ გამარჯვება და ყველა მზად არის, რომ ხვალინდელ მატჩში თავისი წვლილი შეიტანოს. მნიშვნელობა არ აქვს ინდივიდუალურ წარმატებას, აქ მთავარია, მთელმა ქვეყანამ მოიგოს. აღდგენისთვის მეტი დრო გვქონდა. ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ ყველა მოთამაშე მზადაა. ერთი ვარჯიში დაგვრჩა, ვეცდებით, რომ ყველა დეტალი გავიაროთ და საბერძნეთთან საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია, რომ ჩვენს მეტოქეზე არ ვისაუბრო და უფრო მეტი ყურადღება ჩვენს ბიჭებზე გავამახვილო”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
“მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ თამაშს. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისთვის. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვემზადებით ხვალინდელი შეხვედრისთვის”, –ამბობს ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.