ისრაელის არმიამ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. უკვე მესამე დღეა, სამედიცინო კომპლექსში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ისრაელის არმიის სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ „ჰამასის“ ტერორისტები, როგორც მებრძოლები, ისე მეთაურები, საავადმყოფოში იმალებიან. აქვე არიან დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრები, რომლებმაც სამედიცინო კომპლექსში შესულ ისრაელის არმიას წინააღმდეგობა გაუწიეს.
Watch IDF Spokesperson RAdm. Daniel Hagari deliver an operational update about the ongoing operation within Shifa Hospital: pic.twitter.com/SKW1hz1mqP
— Israel Defense Forces (@IDF) March 20, 2024
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ რეიდის შედეგად დახოცეს ათობით მებრძოლი. დააკავეს 350-ზე მეტი პალესტინელი. მათ ასევე აღმოაჩინეს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და ყუმბარები.
ღაზის ოფიციალური პირების თქმით, ათასობით პალესტინელი პაციენტი, სამედიცინო პერსონალი და იძულებით გადაადგილებული პირები რეიდის დროს ვერ ახერხებდნენ კომპლექსის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი გასვლის ნებას რთავდა ყველას, ვისაც სურდა.
ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, ჯენინში მიტანილი ავიაიერიშის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს.
განადგურებულია ერთი ავტომობილი, რომელშიც, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, პალესტინელი მებრძოლები იყვნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლის გარეშე შეუძლებელია „ჰამასის“ დამარცხება და სრული გამარჯვების მოპოვება. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენსაც განუცხადა. მისი მიზანი „ჰამასის“ სხვა ბატალიონების განადგურებაცაა.
ღაზაში კი ჰუმანიტარულ დახმარებას კვლავ თვითმფრინავებიდან აწვდიან. საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის ნაწილია. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეგიონისთვისაა საჭირო.