მთავარისაქართველორას მოგვიტანს კანდიდატის სტატუსი? - კითხვები ევროკავშირს

რას მოგვიტანს კანდიდატის სტატუსი? – კითხვები ევროკავშირს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ევროკავშირის საელჩომ სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოებას შეკითხვების დასმა შესთავაზა. შეკითხვები ეხებოდა ევროკავშირის საქმიანობას საქართველოში, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრებას, იმას თუ რა ფორმით უჭერს მხარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყნის ევროინტეგრაციას და რა დადებითი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს კანდიდატის სტატუსის მიღებას სხვადასხვა სფეროში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ეს ინიციატივა, ეპასუხათ სოციალური მედიის საშუალებით მოქალაქეების შეკითხვებზე, თავდაპირველად 2023 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ბუნებრივია, ბევრი შეკითხვა გაჩნდა საზოგადოებაში იმის თაობაზე, თუ ზუსტად რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღება და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯს.

ისმოდა მოსაზრება, რომ ეს არის დიდწილად სიმბოლური ნაბიჯი. მართალია, რომ ეს არის ევროპული პერსპექტივის აღიარება, თანაც დათქმებით და წინ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები.

თუმცა როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის პასუხებიდან ვხედავთ მხოლოდ სიმბოლური აღიარებითა და დათქმებით არ შემოიფარგლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიღებული შეღავათები.

კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხელშესახები ცვლილებები კანდიდატის სტატუსის მიღებას აქვს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

“ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებასა და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს, როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენა გამოასწოროს”, – ამბობს პაველ ჰერჩნსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

მოქალაქის შეკითხვას, გააცოცხლებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობას და დაეხმარება თუ არა საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უპასუხა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.

,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია.

ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერასა და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს.

როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ, შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას”, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, ბლოკში კარგად ესმით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და საკმაოდ ბევრი მოქალაქის შეკითხვა ეხებოდა სწორედ საქართველოში არსებულ პოლიტიკური კლიმატს და იმას, თუ რამდენად დაეხმარება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას.

მოქალაქეების ამ შეკითხვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეს-რუისმა უპასუხა: “ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს – მმართველ პარტიასა და ოპოზიციას პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს.

9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლითა და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება”.

ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ მრავალფეროვან პროექტებზე, რომელთა ფარგლებშიც იღებს საქართველო ევროკავშირისგან მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო შეასრულებს ევროკომისიის მიერ წარდგენილ 9 დათქმას, შესაძლებელი გახდება ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რაც ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ნიშნავს. თუმცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩნსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველა ამ ნაბიჯის მიზანი არაა, რომ საქართველო გახდეს „ბრიუსელის მოსაწონი“, არამედ ამ დათქმების თუ რეკომენდაციების მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend