მთავარიკუბირას ფიქრობენ ევროპელები - ევრონიუსისა და “იფსოსის” კვლევა

რას ფიქრობენ ევროპელები – ევრონიუსისა და “იფსოსის” კვლევა

ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტელეკომპანია „ევრონიუსმა“ კვლევით ორგანიზაცია „იფსოსთან“ თანამშრომლობით გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე, უკრაინის დახმარებაზე, ულტრამემარჯვენე პარტიების შესაძლო გაძლიერებასა და იმაზე, თუ რამდენად დიდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიმართ მხარდაჭერა თავად ევროპელების მხრიდან. კვლევა მოიცავს 23 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდს და ამ დროში 18 ქვეყნიდან 25,916 ადამიანი გამოიკითხა. ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს ჩატარდება. ეს კი პირველი პანევროპული გამოკითხვაა, რომელიც არჩევნების შესაძლო შედეგებს ავლენს.

ევროპარლამენტის არჩევნები:

კვლევა აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება. კვლევის პროგნოზების თანახმად, „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფიდან სავარაუდოდ 81 დეპუტატი მიიღებს მანდატს და სხვა პარტიებს შორის მესამე ადგილზე იქნება. კვლევის მიხედვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიების დეპუტატების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ოცი წლის წინ ისინი ევროპარლამენტარების მხოლოდ 8.7%-ს შეადგენდნენ. თუმცა 2009, 2014 და 2019 წლების არჩევნების შემდეგ მათი წარმომადგენლობა გაიზარდა 18%-ამდე.

კვლევის პროგნოზით, წელს პირველად შეიძლება ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ევროპარლამენტის წევრთა მეხუთედზე მეტი, 21,8% შეადგინონ.

თუმცა ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ულტრამემარჯვენე პარტიების მიმართ აბსოლუტური მხარდაჭერა არ არსებობს.

ევროკავშირის გაფართოება:

ანგარიშში საუბარია ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც, რომელიც დღის წესრიგში აქტიურად დგას. გამოკითხვის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად დაუჭერდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის გაფართოებას მხარს.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 45% უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, რაც 10%-ით მეტია საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობაზე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას გამოკითხულთა 35% უჭერს მხარს. ყველაზე მეტი მხარდამჭერი კი რუმინეთიდან არის, სადაც გამოკითხულთა 64%-მა დააფიქსირა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა.

ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას ყველაზე ნაკლებად მხარს უჭერენ ჩეხეთში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში.

უკრაინის დახმარება:

რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა? გამოკითხულთა 36%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტს არ წარმოადგენს, 27%-ს კი მიაჩნია, რომ უკრაინის დახმარება მეორეხარისხოვანია.

უკრაინის დახმარებას უნგრეთში ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს. გამოკითხულთა მხოლოდ 12%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

კვლევის თანახმად, უკრაინის დახმარებას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც ულტრამემარჯვენე პარტიებს აძლევენ ხმას არჩევნებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend