მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNION“ომის ეკონომიკა” და სხვა - ინტერვიუ შარლ მიშელთან

“ომის ეკონომიკა” და სხვა – ინტერვიუ შარლ მიშელთან

შარლ მიშელი ბრიუსელში ევრონიუსის ახალი სათავო ოფისის გახსნას დაესწრო და ამ ახალ ფორმატში პირველი ინტერვიუც მისცა.

რატომ დაიწყო ევროპაში “ომის ეკონომიკაზე” საუბარი? რამდენად იაზრებს ევროპის მოსახლეობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს? რა გავლენას ახდენს ევროპაზე მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების გააქტიურება? – ევრონიუსის ამ და სხვა კითხვებს უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შონა მიურეი, ევრონიუსი: დიდი მადლობა, მსურს სცენაზე მოვიწვიო ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბატონი შარლ მიშელი. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა საუბარი დაგვეწყო იმით, რაც უკვე ბევრმა იცის, ახლახან ჩატარებულ გამოკითხვაზე ვსაუბრობ. გამოკითხულთა 46% აცხადებს, რომ მათ ურჩევნიათ, არ იყოს ევროკავშირის ინსტიტუტების, მაგალითად, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ამ მასშტაბით ჩართულობა და ასეთი უფლებამოსილების მინიჭება წევრი სახელმწიფოების ეროვნული მთავრობებისადმი. რამ გამოიწვია ასეთი განწყობა? მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს შედეგი ევროკავშირის ინსტიტუტების არასაკმარისი საქმიანობიდან გამომდინარეობს, თუ ის, რომ ისინი სხვადასხვაგვარად ხედავენ ამ საკითხებს?

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მე შედეგებით გაკვირვებული არ ვარ და ამავე დროს ზუსტად ვიცი, ევროკავშირის ბევრი მოქალაქისთვის ნათელია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, კოვიდპანდემიის მსგავს ვითარებაში პასუხისმგებელი სწორედ ევროკავშირის ინსტიტუტებია, თუნდაც, ენერგორესურსებთან, ეკონომიკასთან, ან გნებავთ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების შემთხვევაში. აუცილებელია მეტი თანამშრომლობა და მიმაჩნია, რომ შეცდომაა ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მთავრობების ერთმანეთთან დაპირისპირებულად წარმოჩენა. ძლიერი წევრი სახელმწიფოები ძლიერი ევროკავშირის საწინდარია, ეს კი ყველას მოუტანს სარგებელს.

შონა მიურეი, ევრონიუსი: რას ფიქრობთ მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების გააქტიურებასთან დაკავშირებით? ამის დასტურია ახლახან ჩატარებული გამოკითხვაც. მოახდენს თუ არა ეს ვითარება გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე, როდესაც დასაქმების პრობლემებზე, ქალთა, მიგრანტთა და სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებზე ვსაუბრობთ.

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: გამოკითხვის შედეგები უდავოა, მაგრამ ამავე დროს ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვაა. ისტორია გვაჩვენებს, რომ გამოკითხვა სრულ სურათს არ იძლევა და ამის საფუძველზე ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, როგორი იქნება ევროპარლამენტის მომავალი არჩევნების შედეგი. ამავე დროს ნათელია, რომ ჩვენს დემოკრატიულ მოდელზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, ადამიანის უფლებებსა და უბრალო ადამიანური ღირსებაზე მიდის იერიში როგორც თავად ევროკავშირის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. სწორედ ამ მიზეზით გახლავთ მნიშვნელოვანი რომ გვახსოვდეს, აუცილებელია წინსვლა, ზემოთნახსენები ღირებულებების დაცვით კონკრეტული შედეგის მოტანა, მოტანა იმ შედეგის, რომელსაც ჩვენი ამომრჩევლები და მოქალაქეები ელიან ჩვენგან. ჩვენი უზენაესი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ინოვაციები, მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა ევროპაში.

შონა მიურეი, ევრონიუსი: ეს რომ შესრულდეს და მშვიდობაზე რომ ვილაპარაკოთ, აუცილებელია შევეხოთ უკრაინის საკითხს. ფიქრობთ თუ არა რომ, იმ შემთხვევაში თუ კიევი შესაბამის სამხედრო დახმარებას არ მიიღებს, თითოეული ჩვენგანი იქნება შემდეგი სამიზნე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ხშირად მოგვისმენია, მაგალითად, ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ევროპაში ბევრი ვერ იაზრებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ და ჩვენ რას გვირჩევთ?

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: უპირველეს ყოვლისა მოსახლეობას სიმართლე უნდა ვუთხრათ. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ეს გამოწვევა კი უკრაინაში რუსული ინტერვენციის შედეგია. ეს არ გახლავთ მხოლოდ უკრაინის გამოწვევა, ეს ყველა ჩვენგანისთვისაა პრობლემა. ყველა, ვისაც სჯერა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისა, დამეთანხმება, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ მიღებული ზომები საჭირო და დროულია. პირველივე მომენტიდან, გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებდით უკრაინის მხარდაჭერისა და კრემლისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, მაგრამ ეს არ კმარა, მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. სწორედ ამიტომაც, რამდენიმე დღეში აქ ბრიუსელში კიდევ ერთხელ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა და ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს უკრაინისათვის მეტი სამხედრო დახმარების გადაცემის მიზნით. უკრაინას მეტი ფინანსური დახმარება ესაჭიროება, მეტი ზეწოლაა საჭირო რუსეთის ფედერაციაზე. ეს ყველაფერი ეფუძნება ჩვენს რწმენას მშვიდობისა და უსაფრთხოების აუცილებლობაში. კეთილდღეობა სხვანაირად ვერ გვექნება, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ერთიანი ევროპის დამფუძნებელი მამების ანდერძი.

შონა მიურეი, ევრონიუსი: თქვენ მეტსაც მოითხოვთ, საუბრობთ საომარი ეკონომიკის ამუშავებაზე, ევროპული ეკონომიკის სრულ მობილიზაციაზე, ეს საზოგადოებრივი მოწყობის ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს.

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მართალს ბრძანებთ, მეტი უნდა ვიღონოთ და გეტყვით რატომ, ბოლო ათწლეულებს თუ გადავხედავთ, ერთიანი ევროპა სწორედ საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, კეთილდღეობის საწინდარი თანამშრომლობაა, ევროპა წარმატებულია, ბევრს მივაღწიეთ და წინ უფრო მეტი წარმატება გველის. მეორე მხრივ, ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ და იოლად არ მივსულვართ ამ დასკვნამდე, რომ კეთილდღეობას თან მოჰყვება დიდი პასუხისმგებლობაც, ვსაუბრობ თავდაცვასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე. ამომრჩეველთა ნაწილს შესაძლოა სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე ყველას გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ამ რეალობასთან მისადაგებაა საჭირო. ჩვენ თავდაცვაში, თავდაცვით წარმოებაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, მეტი თანამშრომლობაა საჭირო მეტი შესაძლებლობისთვის. ეს მეტ გეოპოლიტიკურ ბერკეტს მოგვცემს სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

შონა მიურეი, ევრონიუსი : რატომ ახსენებთ საომარ ეკონომიკას ახლა? უკავშირდება თუ არა ეს უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობას.

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: თუ გავიხსენებთ ორი წლის წინ არსებულ ვითარებას, ომის დასაწყისში ბევრი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უკრაინა ამდენ ხანს შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, ერთიანი ფრონტით თავის დაცვას. და ჩვენ გავაკვირვეთ ვლადიმერ პუტინი… მაგრამ ეს არ კმარა, აუცილებელია დღევანდელი ვითარების დაბალანსებული პერსპექტივით შეფასება. ერთი მხრივ უკრაინა წარმატებულია, ვინაიდან კიევმა შეძლო თავის დაცვა და რიგი ტერიტორიების დეოკუპაციაც, შავ ზღვაში უკრაინას თავისი წილი კონტროლი არ დაუკარგავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შავ ზღვასთან დაკავშირებით საკმარისს არ ვსაუბრობთ, სტრატეგიული თვალსაზრისით ეს უმნიშვნელოვანესია! მეორე მხრივ საიდუმლო არავისთვის არის, რომ ამ ეტაპზე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უკეთეს პირობებში იმყოფება, ვგულისხმობ ტყვია-წამალსა და შეიარაღებას. სწორედ ამიტომ ვჩქარობთ, რომ უკრაინას შესაბამისი რაოდენობით ჰქონდეს თავდაცვის ინსტრუმენტები და ეს საჭიროა დღეს და არა რამდენიმე წლის შემდეგ. მაგალითად, ჩეხეთმა უკრაინისთვის გადასაცემად 800 ათას საარტილერიო ჭურვს მოუყარა თავი. მე მხარს ვუჭერ ჩეხი მეგობრების მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას და მოვუწოდებ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც, რომ უკრაინისათვის შეიარაღება ერთობლივი სახსრებით შეიძინონ, ეს შეიარაღება კი სწრაფად გადაეცეს უკრაინას.

შონა მიურეი, ევრონიუსი: მსურს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გკითხოთ. ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთ-ერთი მოვალეობა ხომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირის წევრებს შორის თანხმობის უზრუნველყოფაა. ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ფონზე შემაშფოთებელი მოვლენების მოწმენი ვართ და ეს “ჰამასის” მიერ ისრაელზე 7 ოქტომბერს მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგი გახლავთ, ამავე დროს, მაგალითად, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ ღაზის სექტორში შიმშილის, როგორც იარაღის გამოყენების, არასრულწლოვანთა მასობრივი მკვლელობისა და კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარების თაობაზეც. ასუსტებს თუ არა ეს მოცემულობა ევროკავშირს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადგილი აქვს ორმაგი სტანდარტის გამოყენებას, არის თუ არა ევროკავშირში ისრაელისადმი, ან გნებავთ უკრაინის მოსახლეობისადმი მეტი სოლიდარობა, ვიდრე პალესტინური მხარისადმი?

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ჩემი დაკვირვებით ერთიანობა ჩვენ შორის მზარდია, ევროკავშირი უფრო მტკიცეა დღეს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს მიტანილი იერიშის შემდეგ ყველა თანხმდებოდა, რომ “ჰამასის” ქმედებები დასაგმობი იყო. უდავოა, რომ ეს დაუნდობელი, ტერორისტული იერიში გახლდათ. მეორე მხრივ დროთა განმავლობაში ცოტათი გართულდა ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, როდესაც წევრ სახელმწიფოებს საკუთარი ორმხრივი ისტორიული კავშირები აქვთ როგორც ისრაელთან, ასევე პალესტინურ მხარესთან. მიუხედავად ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ის წინსვლა, რომელიც ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით გვაქვს. რამდენიმე დღეში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე ძირეულ პრინციპზე დაფუძნებულ პოზიციას, პირველ რიგში ეს ეხება კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფას, არავითარი ორმაგი სტანდარტი, ყველა მოქალაქის სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანი და ღირებულია, ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი განცხადება ამ საკითხზე მკაფიო და გასაგებია და მომავალშიც იქნება, საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტს სწორედ მხოლოდ ამ გზით შევინარჩუნებთ. მეორე, ყველა ზომას უნდა მივმართოთ რომ ეს ომი უფრო დიდ, რეგიონულ კონფლიქტად არ გადაიქცეს. ლიბანი, წითელი ზღვა – ეს მნიშვნელოვანი მიმართულებებია და ამ რეგიონული ომის დაწყების თავიდან აცილების მიზნით ყველა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზომას მივმართავთ. მესამე პუნქტი კი გახლავთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება არსებული დავის ორი, სრულფასოვანი, სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით გადაჭრას.

27-ივე წევრი სახელმწიფო ამაზე თანხმდება. ჩვენი მიზანია, რომ ამ ამოცანის შესრულებისთვის შესაბამისი სამშვიდობო პროცესი რაც შეიძლება მალე განახლდეს. ამ მიმართულებით ჩვენი უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად დაუღალავად შრომობს, ვთანამშრომლობთ როგორც არაბ, ასევე ამერიკელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ხუთშაბათს დაგეგმილი სხდომის შემდეგ ძალიან მკაფიო, ერთიანი და ძლიერი გზავნილი გვექნება.

შონა მიურეი, ევრონიუსი: და მაინც, იყო თუ არა ორმაგი სტანდარტი გამოყენებული?

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მე თქვენ გულწრფელად გესაუბრებით. კოვიდპანდემიას კარგად გავუმკლავდით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით დანარჩენ მსოფლიოს მაგალითს ვაძლევთ, უკრაინაში ომის ფონზე ერთიანობა და ძლიერი პოზიციები შევინარჩუნეთ. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, მე ვიღებ თქვენს კრიტიკას, დიახ, მეტი დრო დაგვჭირდა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შეჯერებისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მყარი პოზიციით შევხედოთ ამ გამოწვევას და ამ ძალის საფუძველი ჩვენი ერთიანობაა. მართალია, რომ საწყის ეტაპზე ჩვენი საჯარო კომუნიკაციის ნაწილი ბუნდოვანი იყო და ამას პუტინი კარგად იყენებდა. ე.წ. ევროპული ორპირობის მითის შექმნისა და გავრცელების მიზნით მე ბევრი ძალისხმევა გავწიე გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებთან დიალოგში და მიმაჩნია, რომ მათი მოლოდინია, რომ ჩვენ მუდამ და ყველგან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მხარეს დავდგებით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთშიც.

შონა მიურეი, ევრონიუსი: ეს გახლდათ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის ბატონო პრეზიდენტო.

შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: დიდი მადლობა!

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend