მთავარისაქართველონოვრუზ ბაირამის დღესასწაული

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

გრძელი ზამთრის შემდეგ, როცა ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს, გაზაფხულის დღესასწაული ნოვრუზ ბაირამიც იწყება. ზოგიერთი ქვეყნის ტრადიციის თანახმად, მარტის ამ დღეებში ხალხი ძველ წელს ემშვიდობება და ახალ წელს ეგებება. ასე მიეგებნენ გაზაფხულსა და ახალი სიცოცხლის დაწყებას თბილისში…

აბანოთუბანში დღესასწაულს შეუერთდნენ ყაზახეთიდან, ირანიდან, თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან. მათთვის და ყველა სტუმრისათვის აღმოსავლურ საკრავზე თინათინ ნარგილე მეჰთიევამ დაუკრა. ერთადერთმა აშუღმა ქალმა საქართველოში.

“ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე საზის ანუ ამ საკრავის ხმა აუცილებლად უნდა ჟღერდეს, იმიტომ, რომ ამ დღესასწაულს ძალიან უხდება. ხალხური დღესასწაული ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ხალხი თუ არსებობს, კულტურა და ადათ-წესებიც უნდა არსებობდეს და ცოცხლობდეს. ბავშვები და გასათხოვარი გოგო-ბიჭები მხიარულობენ, მკითხაობენ, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ძალიან ბევრი ადათ-წესი არსებობს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გაცოცხლდეს“, – ამბობს თინათინ ნარგილე მეჰთიევა.

ეს წესები დღეს თბილისში მართლაც გაცოცხლდა. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა გამოფინეს ტრადიციული კერძები, ტანისამოსი თუ ხელნაკეთი ნივთები.

„ჩვენ წარმოვადგენთ ირანს ნოვრუზის დღესასწაულზე, ნოვრუზი ნიშნავს ახალ დღეს, ამ დღეს ზეიმობენ გაზაფხულის დაწყებას. ჩვენ მაგიდაზე წარმოდგენილი გვაქვს 7 სიმბოლო,  რომლებიც ამ დღესასწაულისთვისაა დამახასიათებელი”, – ამბობს ირანის წარმომადგენელი სეიედ მოჯთაბა მუსავი.

„ ჩვენ აღვნიშნავთ ნოვრუზის დღესასწაულს და გვიხარია, რომ აქ ვართ. დღესასწაულზე უამრავი ადამიანი მოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კულტურა მათ გავუზიაროთ“, – ამბობს ყაზახეთის წარმომადგენელი არაი საკიშევა.

„ ძალიან გვიხარია ის, რომ საქართველოში შეგვიძლია აღვნიშნოთ დღესასწაული, როგორც ქართველებთან, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად. რას ნიშნავს ჩვენთვის ნოვრუზი? ეს ჩვენთვის ახალი წელია“, – ამბობს სუსანა ჯარელხოჯა.

რა თქმა უნდა, აბანოთუბანში გაზაფხულის დღესასწაულზე ბევრი ქართველი აზერბაიჯანელი იყო.

„ყოველ წელს დავდივართ და ძალიან მომწონს ეს დღე, მომწონს როგორც აღვნიშნავთ ნოვრუზს, ანუ გაზაფხულის მოსვლას და არის ჩვენი ერთ-ერთი ლამაზი ტრადიცია. ჩვენ შევასრულეთ არაგვზე დეკა და კიდევ ორი სიმღერა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა. საქართველოში ვცხოვრობთ, მაინც ეთნიკური უმცირესობა ვართ, აზერბაიჯანელები, მაგრამ ინტეგრაცია საჭიროა, მეგობრობა, რადგან ერთად ვცხოვრობთ. ბარაქას ვუსურვებთ ხალხს, ჯანმრთელობას, მომავალ ნოვრუზს კარგად, ბედნიერად, თავის ოჯახებთან ერთად შეხვდნენ“, – ამბობს ელმირა ნიაზოვა.

უძველესი ტრადიციის თანახმად, ყველა ვინც ნოვრუზს აღნიშნავს, ყოველ ახალ გაზაფხულს წარსულში ტოვებს დარდს და საფიქრალს… ამ დღეს მომავლის იმედისა და ნატვრის ჩაფიქრების დროა. ეს ნატვრა აუცილებლად ასრულდება მომავალ გაზაფხულამდე…

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend