ნატალია ჟივოგლიადი დევნილია ზაპოროჟიიდან. თუმცა სანამ მშობლიურ სახლს დატოვებდა, საოკუპაციო ძალებმა აიძულეს რუსული პასპორტი აეღო.
2022 წლის შემდეგ რუსეთმა მიიღო მთელი რიგი კანონები, რომლებიც უკრაინელებისთვის რუსული პასპორტების აღებას გაადვილებდა. 2023 წლის აპრილიდან კი რუსული პასპორტის არქონის გამო მოქალაქეებს სჯიან, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ნებისმიერ პირს დააპატიმრებენ, თუ შესაბამისი საბუთი არ ექნება.
იძულების მეთოდი კი სხვადასხვაა. მაგალითად, ნატალია ჟივოგლიადს ბავშვების წართმევით დაემუქრნენ.
“თუ ჩვენ არ წარმოვადგენდით რუსულ საბუთებს, დეპორტაციით გვემუქრებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ჩემს შვილებს ბავშვთა სახლში წაიყვანდნენ”,- ამბობს ნატალია ჟივოგლიადი.
ვიჩისლავ რიაბკოვსაც აიძულეს რუსული პასპორტი აეღო. ის ხერსონში, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. თუმცა არც რუსულმა პასპორტმა იხსნა…
“ქუჩაში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მცემდნენ. დედაჩემს ესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, მოდი, საქმე ბოლომდე მივიყვანოთო. დედა ჩემკენ გამოიქცა, ეუბნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი, შემდეგ დედას დაემუქრნენ, უთხრეს, წასულიყო და იარაღი მიუშვირეს”, – ამბობს ვიჩისლავ რიაბკოვი.
ZMINA, @mihr_ua, @omctorg & @P4HR raised an issue of 🇷🇺’s abuses against civilians in the occupied territories of 🇺🇦 during the @UN_HRC.
📢”Russians try to consolidate power by spreading fear among the local population,” told ZMINA’s Yelyzaveta Sokurenko.https://t.co/pW06S19o0f pic.twitter.com/sOc9jaEvL1— ZMINA. Human Rights Centre (@zminaUkraine) March 12, 2024
საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ აღრიცხავს შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე იმიტომ, რომ რუსული პასპორტები არ ჰქონდათ.
“ჩვენ გვიკავშირდება უამრავი ადამიანი, რომლებისთვისაც ევაკუაცია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ძალიან ბევრ მათგანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დახმარების მიღება კი რუსული პასპორტის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია“,- ამბობს დინა ურიხი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ უკრაინელთა დახმარების ჯგუფის წევრი.
ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ ასობით ათას პირს აიძულებენ რუსეთში არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ვრცელდება ცნობები, რომ საარჩევნო უბნებზე იძულებით მიჰყავთ. თუმცა ბევრი მათგანი არ კარგავს იმედს, რომ მალე საკუთარი სამშობლოს არმია მათ გასათავისუფლებლად მივა.
ვიჩისლავ რიაბკოვსაც არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ერთ დღეს ხერსონი გათავისუფლდებოდა: “როცა დავინახე ჩვენი დროშა, ცრემლები წამომივიდა, როცა დავინახე ჩვენი ბიჭები უკრაინული დროშებით, პირველი რაც დავიყვირე, იყო დიდება უკრაინას!”