მთავარისაქართველო„აჭარული ნაჭრელები“

„აჭარული ნაჭრელები“

აჭარელი მქსოველი და მქარგველი ქალები ღორჯომის ხეობიდან თბილისში უკვე მესამედ ჩამოვიდნენ. თან ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“ ჩამოიტანეს. ეს ფერადი და ულამაზესი ნაკეთობები „გარდენია შევარდნაძეში“ გამოფინეს და ამბობენ, რომ ამით, ქართული ტრადიციული ხელსაქმის შენარჩუნება და სხვათათვის ჩვენება უნდათ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს “გარდენიაში”. მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რათა მთის ხალხის კულტურას გაეცნონ. მნიშვნელოვანია, რომ მათი ტრადიციები არ დაიკარგოს. ეს ადამიანები დიდ შრომას დებენ იმისთვის, რომ არ დავივიწყოთ ქართული კულტურა და გაიცნოს ის მთელმა მსოფლიომ“, – ამბობს ანანო აქუბარდია, დამთვალიერებელი.

როგორც აჭარელი ქალები ამბობენ, ასეთი ხელსაქმის ტრადიცია, თითქმის მივიწყებული იყო და მას შემდეგ, რაც გამოფენებში დაიწყეს მონაწილეობა, ეს საქმე ისევ გაცოცხლდა.

„ბევრს აქვს მოთხოვნილება, რომ გაგრძელდეს და არ დაიკარგოს ჩვენი ტრადიცია. გაიქარგოს, მოიქსოვოს, გეიჩეჩოს, დეირთოს და დავასაქმოთ ადამიანები. ისინიც, ვინც არ არის ჩართული ამ საქმიანობაში, გველოდებიან, რომ მეტი შეკვეთა ჩავუტანოთ და დავასაქმოთ“, – თქვა მელეკ ქათამაძემ.

აჭარელი მქსოველი და მქარგველი ქალების თქმით, ხელსაქმე მათ ბავშვობაში დედებისგან ისწავლეს. ახლა კი თავად ასწავლიან შვილებსა და შვილიშვილებს ამ ტრადიციულ საქმიანობას.

„გამოფენით ძალიან კმაყოფილები ვართ. ბევრი ქალი დასაქმდა. ყველანი ერთად ვმუშაობთ“, – ამბობს ფატი ჭელიძე.

“გარდენიის” დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე ამბობს, რომ გამოფენისთვის 80 აჭარელი ქალი მთელი ზამთრის განმავლობაში ამზადებდა და აგროვებდა ნამუშევრებს.

„ის ცოდნა, რომელსაც ეს ქალები ფლობენ, დასაკარგავად ცოდვაა. როგორც თვითონ იტყვიან, „ბრალია“. ძალიან ცუდი იქნებოდა, რომ ეს ხელობაც ისე, როგორც სხვა ხელსაქმეები, დაკარგულიყო. ვფიქრობ, რომ ამ საქმიანობას დაკარგვა აღარ ემუქრება, რადგან ბევრი აჭარელი ქალი უკვე ქსოვს და ქარგავს“, – ამბობს ზურაბ შევარდნაძე, გამოფენის მასპინძელი.

ახლა აჭარელი მქსოველი და მქარგველი ქალები თბილისში არიან. ღორჯომის ხეობაში მათ მოუთმენლად ელოდებიან სხვა მქარგველები, აინტერესებთ, როგორ მიიღეს მნახველებმა მათი ნამუშევრები, უფრო მეტად რა მოეწონათ… თბილისელები კი მათ მორიგ სტუმრობას დაელოდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend