მთავარიმსოფლიოკავკასიარა მოიტანს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში - ალიევის თვალსაზრისი

რა მოიტანს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში – ალიევის თვალსაზრისი

„დაქსაქსული სამყაროს გამოსწორება“ – ამ სათქმელით გაიხსნა აზერბაიჯანში ბაქოს მეთერთმეტე გლობალური ფორუმი. ამ ფორუმს, რომელიც გიულუსტანის სასახლეში გაიმართა, 350 სტუმარი დაესწრო 70-ზე მეტი ქვეყნიდან. ორგანიზატორი კი იყო ნიზამი განჯევის სახელობის საერთაშორისო ცენტრი.

ფორუმი გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ბაქოს გლობალური ფორუმი თავისი მნიშვნელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას შეადარა.

ამასთანავე, ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც რეგიონში ბოლო წლის განმავლობაში განვითარდა: „მას შემდეგ, რაც ბოლოს შევხვდით, ბევრი რამ მოხდა მსოფლიოში და ასევე ჩვენს რეგიონში. მთავარი გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ აქ ბოლოს შევიკრიბეთ, არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა“.

ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

„და ეს არის, მართლაც, ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელსაც ვფიქრობ, ბევრი დადებითი შედეგი ექნება კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, რომელიც, ერთი შეხედვით, მოუგვარებელი ჩანდა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევი ამბობს, რომ მშვიდობა ორ სახელმწიფოს შორის არასდროს ყოფილა ასე ახლოს და ამის მიზეზი იყო სწორედ ის გამარჯვება, რომელიც აზერბაიჯანმა ყარაბაღში მოიპოვა. “ჩვენ აღვადგინეთ ისტორიული სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. ახლა კი დროა, ბოლო მოეღოს მტრობას რეგიონში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაქოში გამართული ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. აქ სიტყვით ასევე გამოვიდნენ: ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის სერბი წევრი ჟელკა ცვიიანოვიჩი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში გაი რაიდერი, გაეროს აივ/შიდსის (UNAIDS) ერთობლივი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ვინი ბიანიმა და გაერთიანებული ერების ცივილიზაციათა ალიანსის უმაღლესი წარმომადგენელი მიგელ ანხელ მორატინოსი.

ფორუმი 16 მარტამდე გაგრძელდება და გლობალურ დისკუსიებს მოიცავს. აქ იქნება საუბარი ახალი მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორებსა და უსაფრთხოების საკითხებზე, მშვიდობის უზრუნველყოფის პერსპექტივებსა და დაყოფილ სამყაროში სტაბილურობის აშენებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend