მთავარისაქართველოპარტიების დაფინანსება კვლავ ძველი მეთოდით მოხდება

პარტიების დაფინანსება კვლავ ძველი მეთოდით მოხდება

მაღალი ალბათობით პოლიტიკური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 5%-იანი ბარიერის გადალახვის ფონზე მიიღებენ. მმართველი პარტია დაპირების მიუხედავად არ აპირებს შეცვალოს და 2%-ამდე შეამციროს საარჩევნო ბარიერი. ამიტომ ოპოზიცია მოცემულობის მიხედვით აპირებს ბრძოლას პოტენციური ამომრჩევლის ხმის მისაღებად.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესული სხვადასხვა სიახლის მიუხედავად, უცვლელი რჩება პარტიების დაფინანსების პირობები. მოქმედი კანონით თუ პარტია მოსახლეობის ხმების 1%-ს აიღებს, ის წელიწადში 300 000 ლარამდე დაფინანსებას მაინც მიიღებს, იმის მიუხედავად, რომ მას 5%-იანი ბარიერი არ გადაულახავს და შესაბამისად, პარლამენტშიც ვერ შევა. ოპოზიციის ნაწილი კი ითხოვს, რომ დაფინანსების წესი ბარიერის პროპორციული იყოს, რადგან მათი აზრით, დაფინანსების ბერკეტს „ქართული ოცნება“ პატარა პარტიების მოსყიდვისთვის გამოიყენებს.

“ჩვენი შეთავაზება „ქართული ოცნებისთვის“ ბარიერთან დაკავშირებით ისევ ძალაშია. დაფინანსების ბარიერი უნდა აიწიოს საარჩევნო ბარიერის პროპორციულად. დაფინანსება 1%-იდან „ოცნების“ ხელში კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება, რომ ფარული მოლაპარაკებების გზით მმართველმა პარტიამ პატარა პარტიებთან გარკვეულ საკითხებზე მისთვის სასურველ შედეგებს მიაღწიოს. განსაკუთრებით კი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლები ხმების 1%-ის მქონე პარტიებისთვის დაფინანსების არ მოხსნის გადაწყვეტილებას დემოკრატიის წესების დაცვით ხსნიან. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ასეთმა პარტიებმაც უნდა გააგრძელონ არსებობა, რადგან ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ერთი არჩევნების შედეგით არ განისაზღვრება.

„დავუშვათ საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგალითად, 1% მხარს უჭერს კონკრეტულ პარტიას და ის მიაჩნია მის ინტერესებთან ახლოს. ამ პარტიამ ხომ უნდა გააგრძელოს არსებობა მომდევნო არჩევნებამდე. იქნებ მორიგ არჩევნებზე დებს კარგ შედეგს. ერთი არჩევნებით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი. ე.ი. ამ არჩევნებში თუ ვერ მიიღო ბარიერის გადალახვისთვის საჭირო ხმები, პარტია პოლიტიკურად უნდა „მოკვდეს“ და გაქრეს? მოქალაქეს, რომელიც ასეთ პარტიას უჭერს მხარს, იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ამ არჩევნებში თუ არა, შემდეგ არჩევნებში მაინც იქნება უკეთესი შედეგი. რასაკვირველია, ასეთი პარტიები პოლიტიკურ ველზე უნდა არსებობდნენ და დაფინანსებასაც უნდა იღებდნენ, რომ გადარჩნენ“,- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. მათ ეკრძალებათ ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისად, ხმებისთვის ბრძოლაში ჩართვა ინდივიდუალურად, ან ცალკეულ პოლიტიკოსებს სხვა პარტიაში შესვლით მოუწევთ.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend