მთავარიევროპარუსეთირუსეთის არჩევნები და პუტინის სიმბოლური ოპოზიცია

რუსეთის არჩევნები და პუტინის სიმბოლური ოპოზიცია

15, 16 და 17 მარტს, როდესაც რუსები საარჩევნო ყუთებისკენ გაემართებიან, მათ უკვე ძალიან კარგად ეცოდინებათ, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

მმართველობის 24 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე მჭიდრო კონტროლი მოიპოვა.

მისი ყველა კრიტიკოსი, ყველა, ვისაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ან ციხეშია, ან ემიგრაციაში. ამიტომ, მისი ხელახალი, მე-5 ვადით, არჩევა გარანტირებულია. შედეგად, ვლადიმერ პუტინი პოზიციას კიდევ 6 წლით, 2030 წლამდე, განიმტკიცებს.

მიუხედავად ამისა, 71 წლის პუტინი, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, საარჩევნო ბიულეტენზე მარტო არ იქნება.

მასთან ერთად იქნება დამატებით 3 კანდიდატი, რომელთაც რუსეთის საარჩევნო კომისიამ მწვანე შუქი აუნთო: ლეონიდ სლუცკი “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან”, ვლადისლავ დავანკოვი პარტიიდან ,,ახალი ხალხი“ და ნიკოლაი ხარიტონოვი “კომუნისტური პარტიიდან”.

ეს 2008 წლის შემდეგ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა ყველაზე მცირე რაოდენობაა.

რუსეთის ულტრანაციონალისტური “ლიბერალ-დემოკრატიული პარტია” ათწლეულებია მის გარდაცვლილ ლიდერთან, პოპულისტ ვლადიმერ ჟირინოვსკისთანაა, გაიგივებული.

ახლა კი ყურადღების ცენტრში მისი მემკვიდრე, კრემლის პოლიტიკის ხმამაღალი მხარდამჭერი, 56 წლის ლეონიდ სლუცკია – დუმის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარე. იგი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დეპუტატია.

“სლუცკი უნიჭო მსახიობია. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულიად მიუღებელია საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლისთვის, ჟირინოვსკის ამომრჩევლისთვის კი განსაკუთრებით. ჩვეულებრივი ბიუროკრატია, რომელიც ცდილობს ქარიზმატულად გამოჩნდეს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას ქარიზმა არ გააჩნია, სრული უაზრობა გამოდის”, – ამბობს აბას გალიამოვი, პოლიტიკის ანალიტიკოსი.

მომავალ არჩევნებში ყველაზე ახალგაზრდა და სავარაუდოდ, ყველაზე ლიბერალური კანდიდატი 40 წლის ვლადისლავ დავანკოვია.

მისი პარტია ,,ახალი ხალხი“ 2020 წელს დაარსდა და მიზნად რუსეთში სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობას ისახავდა. თუმცა დღეს ეს პარტია პუტინის კრიტიკისგან თავს იკავებს.

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ,,ახალი ხალხი“ რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის დასაყოფად და არჩევანის არსებობის ილუზიის შესაქმნელად დაარსდა.

დავანკოვის საპრეზიდენტო მანიფესტი მოიცავს მოწოდებებს რუსეთში ცენზურის შეწყვეტისკენ და ამბობს, რომ მოსკოვი ღია უნდა იყოს კიევთან მოსალაპარაკებლად. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთის პირობებით უნდა წარიმართოს.

ამავდროულად, დავანკოვმა ხელი მოაწერა ლიბერალი პოლიტიკოსის ბორის ნადეჟდინის მხადამჭერ მანიფესტს, რომელიც უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას ითხოვდა.

“დავანკოვი ნადეჟდინის ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს, რადგან ხვდება, რომ რიცხობრივად ამომრჩეველთა ყველაზე ძლიერი ჯგუფი ესაა”, – ამბობს აბას გალიამოვი.

რაც შეეხება ნიკოლაი ხარიტონოვის შანსებს, აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან მოყოლებული რუსეთის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილს კომუნისტური პარტიის კანდიდატი იკავებს. ეს დიდწილად საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიურად განწყობილი ასაკოვანი ამომრჩევლის დამსახურებაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ “კომუნისტური პარტია” პუტინისთვის რაიმე გამოწვევას წარმოადგენს.

წელს “კომუნისტური პარტიის” კანდიდატი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დასანქცირებული პოლიტიკოსი ნიკოლაი ხარიტონოვია.

“რუსეთის “კომუნისტური პარტიის” ძლიერ კანდიდატს შეუძლია პუტინს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამიტომ, კრემლმა მათზე სრული კონტროლი დაამყარა და ყველაზე უარესი კანდიდატი შეარჩია. ისეთი, რომ პუტინის ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესაც არ მოაფიქრდეს ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემა”, – ამბობს აბას გალიამოვი.

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური პარტიები პუტინის კონკურენტებად აჩვენებენ თავს, სინამდვილეში ყველა მათგანი კრემლის პოლიტიკას უჭერს მხარს, მათ შორის უკრაინაში რუსეთის ე.წ. “სპეციალურ სამხედრო ოპერაციასაც“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კრემლი მაინც აწარმოებს კამპანიას პუტინის შიდა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გაძლიერების მიზნით. ხელისუფლება ხალხს იმ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რომლის შედეგებშიც ეჭვი არავის ეპარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend