მთავარისაქართველომთავრობის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით

მთავრობის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით

ჯანდაცვის მინისტრის სავარძელი 11 დღის განმავლობაში თავისუფალი იყო. დღეს, 11 მარტს, კი ეს თანამდებობა მიხეილ სარჯველაძემ დაიკავა. ის დღემდე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. სარჯველაძე დღეს ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად სამედიცინო საზოგადოებასთან თანამშრომლობასა და სათანადო კომუნიკაციას ასახელებს, სწორედ იმას, რაც ახალმა პრემიერმა უკვე ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს დაუწუნა.

ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ თქვა: „ვთვლი, რომ [სამედიცინო პერსონალი] არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება,  თანამშრომლობით შესაძლებელია ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა”.

მიხეილ სარჯველაძე დღევანდელ ბრიფინგზე არ იყო ერთადერთი, ვინც ახალ პოზიციაზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაცია ლევან ჟორჟოლიანს ჩააბარა, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ნიკოლოზ ტყემალაძეს, ზურაბ აბაშიძე კი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტიდან გადააყენეს და პრემიერის მრჩევლად გადაიყვანეს. აბაშიძე სპეციალურ წარმომადგენლად ჯერ კიდევ 2012 წელს მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. წლების განმავლობაში ის ე.წ. „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატის მოლაპარაკებებს მართავდა. მას შეცვლის გიორგი ქაჯაია, რომელსაც აქამდე რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრევენციის მიზნით კანონის გამკაცრებასა და სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებაზე, რომლის საპილოტე პროექტიც 2024 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. ასევე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ეხება ელექტრონულ- დისტანციურ სწავლების რეფორმას.

როგორც განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს: „საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში. ეს არის ონლაინუნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია, რომლის სტანდარტების დამუშავებაც ჩვენს სამინისტროს დაევალება. ეს პრაქტიკულად სრულიად ახალ შესაძლებლობასა და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის მხრივ“.

ვიდრე ტელეკამერები სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ვიზიტებზე საუბარს დაუთმო. საქმე ის არის, რომ ყოფილი მინისტრი ახლა უკრაინას წარმოადგენს საზღვარგარეთ დელეგაციებში, როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ადეიშვილი ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად ვერ უნდა გადაადგილდებოდეს.

ელენე ქორქია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend