ევროპა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, მიაწოდოს თუ არა უკრაინას “ტაურუსის” სისტემის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები. ამ საკითხის გამო დებატებია თავად გერმანიის მთავრობაშიც. „ტაურუსის“ მწარმოებელი კომპანია კი მზადაა, უკრაინელი სამხედროები გაწვრთნას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მისი გამოყენება. ამის შესახებ კომპანია MBDA Deutschland-ის ხელმძღვანელმა განაცხადა.
Frozen #Taurus warhead: MBDA Deutschland Produkte müssen auch unter extremen Bedingungen zuverlässig funktionieren. Dafür können diese in der eigenen Umweltsimulation etwa bei Temperaturen von -72 bis +180 Grad getestet werden 👉 https://t.co/AVik1SN2Nr pic.twitter.com/MKvtDoxLkZ
— MBDA Deutschland (@MBDADeutschland) January 16, 2024
შორი მოქმედების რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს არაერთხელ გამოეხმაურა მოსკოვიც. საინტერესოა, რა ტიპის შეიარაღებაზე მსჯელობს ევროპა.
ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, ფრთოსანი რაკეტა მოქმედებს ატმოსფეროს ქვედა ფენებში. დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო რადარებს უჭირთ ფრთოსანი რაკეტების აღმოჩენა.
არსებობს ფრთოსანი რაკეტების მრავალნაირი მოდიფიკაცია როგორც რუსული, ისე დასავლური. მაგალითად, ფრთოსანი რაკეტაა ამერიკული „ტომაჰავკი“, რუსული „კინჟალი“. განსხვავებულია მათი მოქმედების მანძილი, დაზიანების ეფექტი და სიზუსტე. უკრაინელები აქტიურად იყენებენ ბრიტანულ ფრთოსან რაკეტებს STORM SHADOW-ს. თავად რუსი ოკუპანტებიც ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტით, მაგალითად, „კალიბრით“. სამხედრო თეორეტიკოსების აზრით, დასავლური ფრთოსანი რაკეტები ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულია და ე.წ. ჭკვიან სარაკეტო სისტემებს წარმოადგენს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსულ რაკეტებს ძალიან დაბალი ეფექტი აქვს.
დავუბრუნდეთ უკრაინის ფრონტს. საინტერესოა, რატომ ამახვილებენ ყურადღებას „ტაურუსზე“. ექსპერტების აზრით, „ტაურუსი“ ტექნოლოგიურად ერთ-ერთი თანამედროვე შეიარაღებაა. აღჭურვილია რამდენიმე სანავიგაციო სისტემით და ამის გამო სიზუსტითაც გამოირჩევა. „ტაურუსები“ უფრო მეტად უხილავია რადარებისთვის და ზუსტად შეუძლია, მოწინააღმდეგის სამიზნეები დააზიანოს.
ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტები შეიარაღებაში 2006 წლიდანაა. გერმანიის შეიარაღებული ძალების გარდა „ტაურუსებს“ ფლობენ ესპანეთი და სამხრეთი კორეა. მისი სრული სახელია „მიზანზე ადაპტირებული, უნიტარული და რობოტულ-დისპანსერული სისტემა“. არსებული ინფორმაციით, 2010 წელს გერმანიის მთავრობამ 570 მილიონი ევროს ღირებულების „ტაურუსის“ სისტემის 600 ერთეული ფრთოსანი რაკეტა შეიძინა, ესპანეთმა 43, ხოლო სამხრეთ კორეამ – 177 ერთეული. თუმცა ექსპერტების აზრით, არ არსებობს ჯადოსნური შეიარაღება, რომელიც უპირობოდ შეცვლიდა საომარ სიტუაციას უკრაინაში.
უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომმა აიძულა ევროპა, საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ეზრუნა. ისინი მსჯელობენ მარაგების შევსებაზე. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ევროპის სამხედრო წარმოების ომის ეკონომიკის მოდელზე გადასვლა უკრაინის ფრონტზეც აისახება.