მთავარიმსოფლიოNATOნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება

ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა ომმა 1962 წლის კარიბის კრიზის შემდეგ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში ყველაზე ღრმა დაპირისპირება გამოიწვია.

დასავლეთში სულ უფრო და უფრო შიშობენ, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა სრულმასშტაბიან ევროპულ ომად იქცეს, თუ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანაზე მიიტანს იერიშს. ამაზე რამდენიმე ქვეყნის დაზვერვაც მიანიშნებს.

ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურის თანახმად, რუსეთი ნატოსთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვისაც ემზადება.

ანგარიშის თანახმად, კრემლმა დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების ძირითადი რეფორმა, რომელიც გააფართოებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს ბალტიის რეგიონში.

ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ეს ხანგრძლივი პროექტია, რასაც შესაძლოა მრავალი წელი დასჭირდეს და რომ რეფორმის გატარების სისწრაფე და მასშტაბი უკრაინაში ომის ხანგრძლივობასა და შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ბალტიის ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების ერთობლივი ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს საჰაერო, საზღვაო და ბირთვულ ძალებს ბალტიისპირეთში რუსული აგრესიის პოტენციალის გამოსაცდელად.

სააგენტოებში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთს აქვს საკმარისი ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსი იმისათვის, რომ ომი უკრაინაში მსგავსი ინტენსივობით, კიდევ ორი წლის განმავლობაში გააგრძელოს.

მათი თქმით, რუსეთს ომი მოსალოდნელზე ძვირი დაუჯდა. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთის სამხედრო ხარჯებმა მთელი წლისთვის ოფიციალურად გათვალისწინებულ თანხას გადააჭარბა. წელს სამხედრო ძალებისთვის გამოყოფილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმუმ მესამედს შეადგენს, ეს 10 ტრილიონ რუბლზე მეტია, ანუ 102 მილიარდი ევრო.

ნატო-რუსეთის ომს მოელის ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიც. მათი თქმით, რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. დაზვერვის სამსახურის უფროსმა კაუპო როსინმა თქვა, რომ ეს შეფასება რუსეთის მიერ ნატოს საზღვართან დისლოცირებული ძალების გაორმაგებას ეფუძნება.

ხოლო როგორც დანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რუსეთი შესაძლოა ნატოს წევრს ქვეყანას მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც კი დაესხას თავს.

რუსეთი ნატოსთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე საუბარს არ გაურბის. გასულ თვეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლური ჯარები უკრაინაში წავლენ.

რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ზარუდნიცკი კი ამბობს, რომ უკრაინაში კონფლიქტი შესაძლოა სრულმასშტაბიან ევროპულ ომში გადაიზარდოს. მისი თქმით, მოსკოვის ძალების ახალ კონფლიქტში ჩართვის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

სულ რაღაც ცხრა თვის წინ აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მოსკოვს უკრაინაში გაწეული ზარალის აღდგენისთვის სულ მცირე ერთი ათწლეული მაინც დასჭირდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროგნოზი იცვლება.

კრისტოფერ კავოლისი, ნატოს უმაღლესი მეთაური ამბობს, რომ რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს და აღდგენით სამუშაოებს ბიუჯეტის უზარმაზარ ნაწილს უთმობს.

ბრიტანეთის არმიის სადაზვერვო სამსახურების მოხსენებიდან ვიგებთ, რომ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში 2023 წლის განმავლობაში საბრძოლო მანქანებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

მიუხედავად სადაზვერვო ანგარიშებისა, ზოგი მიიჩნევს, რომ ევროპული ომი რუსეთთან ნაკლებად სავარაუდოა. ზოგი დასავლელი ექსპერტის თუ ლიდერის აზრით, რუსეთის სამხედრო ძალები ნატოსთვის უახლოეს მომავალში უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მისი მთელი რესურსი უკრაინაში იხარჯება.

თუმცა დაზუსტებით ჯერ არავინ იცის, გამოცდის თუ არა რუსეთი ნატოს მე-5 მუხლს, კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, ალიანსის ხელშეკრულების ქვაკუთხედს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend