მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში გახშირდა თავდასხმა ებრაელთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალებზე

გერმანიაში გახშირდა თავდასხმა ებრაელთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალებზე

“ის, ვინც ივიწყებს წარსულს, მისი განმეორებისთვისაა განწირული“ – ეს სიტყვებია ამოტვიფრული ბალტიმორში მდებარე ჰოლოკოსტის მემორიალზე. წარსულის შეცდომების აღიარებაზე, დამახსოვრებასა და არასდროს დავიწყებაზე ბევრს უთქვამს და ახლაც ბევრი ამბობს. მათ შორის არიან ისინი, ვინც საკუთარი თვალით ნახა ბოროტება.

98 წლის არის ახლა დევიდ ლევინი და კანზე კვლავ ეტყობა ნომერი, რომელიც ნაცისტებმა დააწერეს. ეს 80-ზე მეტი წლის წინ იყო, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ, ახლაც იმავე ადგილასაა, თუმცა უკვე მემორიალთან. მთელი მისი ოჯახი მოკლეს. ამბობს, რომ ის ტკივილი, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ მიაყენა, არსად გამქრალა და 80 წლის შემდეგაც თან სდევს. 18 წლის იყო, როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს. ამბობს, რომ უფრო მკვდარი ვიყავი, ვიდრე ცოცხალიო. ახლა ისტორიების მოსაყოლად ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში მიდის. მიდის იმიტომ, რომ ეს ისტორიები არ გაქრეს და იმიტომ, რომ წარსული აღარ გაიმეორონ.

„როცა ამ ამბავს ვყვები, ეს ზღაპრის თხრობას ჰგავს, არაფერს სხვას. რა იცის იმან, ვინც მემორიალს აზიანებს? რა იცის მან იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება კრემატორიუმი, ან როგორ წვავდნენ ადამიანებს? რა იცის მან ამის შესახებ?” – ამბობს დევიდ ლევინი, 98 წლის ჰოლოკოსტს გადარჩენილი.

ექვსი მილიონი ევროპელი ებრაელი მოკლეს ნაცისტებმა და მათმა თანამოაზრეებმა ჰოლოკოსტის დროს, მათგან 56 ათასზე მეტი სწორედ ამ ადგილას, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში. მათ მემორიალს ულტრამემარჯვენე ჯგუფები ესხმიან თავს.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ებრაელთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფებზე “სვასტიკებს” ხატავენ. ებრაელ ტყვეთა ფოტოსურათებზე ანტისემიტურ ლოზუნგებს წერენ და მსხვერპლთა პატივსაცემად დარგულ ხეებს ჭრიან… ეს ადრე რამდენიმე თვეში ერთხელ ხდებოდა, შემდეგ რამდენიმე კვირაში ერთხელ. ბოლო ექვსი თვეა, მსგავსი ფაქტები ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად ხდება… ამას გერმანიაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაძლიერებას უკავშირებენ.

„ყველა, ვინც საზოგადოებას რასიზმისკენ მოუწოდებს, ვინც მხარს უჭერს უთანასწორობას, გმობს იმ გაკვეთილს, რომელიც ვისწავლეთ. მემორიალზე თავდასხმებიც ამიტომ ხდება“, – ამბობს იენს-კრისტიან ვაგნერი, ბუხენვალდის მემორიალის ხელმძღვანელი.

„ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ანტიდემოკრატიული და მემარჯვენე ექსტრემისტული პოზიციები სულ უფრო და უფრო მისაღები ხდება“, – ამბობს ტანჯა კინზელი, ანტისემიტიზმის მონიტორინგის ჯგუფის განათლების ოფიცერი.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი ევროპის ყველა ქვეყანასთან და აქ ბევრი ახალგაზრდა მოდის. ჩვენთან ბევრი უცხოელი სტუდენტია. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი სახელმწიფო და გვინდა ასეთებად დავრჩეთ. გვინდა, შევინარჩუნოთ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც არის ახლა და განვავითაროთ იგი შემდგომში. არ გვინდა 1930-იან წლებში დაბრუნება“, – ამბობს ერიკ ვასი, Open minded Thuringia-ს დამფუძნებელი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით, გერმანიაში ულტრამემარჯვენე განწყობების აღმასვლა შეინიშნება. პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი, რომელსაც 2024 წლის გამოკითხვით ამომრჩეველთა 20% უჭერს მხარს, დემოკრატიისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend