მთავარისაქართველო2024 წლის არჩევნების სამზადისი

2024 წლის არჩევნების სამზადისი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსების თანამშრომლობის საკითხში უფრო მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური კონტურები. სხვა ბევრ ტექნიკურ და დემოკრატიულ საკითხთან ერთად ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალედ დაკომპლექტება მიაჩნიათ არჩევნების სანდოობის მთავარ საზომად. ამავე დროს, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოთქვამენ მწვავედ კრიტიკულ მოსაზრებებს. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს შეასრულოს 9 რეკომენდაციის ფარგლებში მოთხოვნილი სანდო არჩევნების მიღწევისთვის საჭირო ვალდებულებები, რაც მათი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას ხელს შეუშლის. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ასევე საუბრობენ ერთმანეთთან თანამშრომლობასა და პოლიტიკურ კონკურენციაზე.

“ჩვენ გვითხრეს, რომ სანამ ამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები ფაქტობრივად ვერ გაიხსნება. ამიტომ, ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ გადამწყვეტი და ეროვნული არჩევანი. იმისთვის, რომ დავასრულოთ ხელისუფლება, რომელმაც სრული საბოტაჟი მოუწყო კანდიდატის სტატუსის მიღებას და აგრძელებს ახლაც. თუ გვინდა, რომ ქვეყანა დავაყენოთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – აცხადებს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მათი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აქტიურ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, რისი მიზანიც „ცესკოსა“ და მისი თავმჯდომარის დისკრედიტაციაა. რაც შეეხება არჩევნების სანდოდ გამართვას, მმართველი გუნდის წევრები იმედს არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე ამყარებენ, რაც მათი თქმით, გაყალბებასა და მანიპულაციებს გამორიცხავს.

„ძალიან უცნაურია, როცა ოპოზიციას ასეთი პრეტენზიები აქვს. კამერებთან დიდი გული აქვთ და გუშინ, როდესაც ეს თემები იხილებოდა, საერთოდ ცარიელი იყო დარბაზი და ფაქტობრივად, არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ეს მიუთითებს მათ ორმაგ სტანდარტზე.

ბუნებრივია, ჩვენ ველოდით, რომ ქალბატონი სალომე კვალდაკვალ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დაადებდა ვეტოს ამას. „ვეტოთი შემოქმედი“ დავარქვით ჩვენ სალომე ზურაბიშვილს. იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია არ აქვს. მოსწონს, არ მოსწონს, არგუმენტი აქვს თუ არ აქვს, მაინც ვეტო უნდა დაადოს, დაგინებული აქვს, მგონი. ჰოდა, ამას აკეთებს, უსაფუძვლოდ. ბუნებრივია, უმრავლესობა შეიკრიბება და გადავლახავთ ამ ვეტოს მორიგ ჯერზე. იმიტომ რომ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.

მოახლოებულ არჩევნებსა და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას დიპლომატიურ სიფრთხილეს იჩენენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ არჩევნების მაღალი სანდოობით ჩატარების უზრუნველყოფა იმ 9 დათქმის შემადგენელი ნაწილია, რომლის შესრულებამაც საქართველოს ევროპული მომავლის ახალი კარი უნდა გაუხსნას.

„ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია, რაც ყველა პოლიტიკური ლიდერის დიდ ყურადღებასა და დიდ ენერგიას მიიპყრობს, მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯის განხორციელებისთვის ყველამ პარალელურად იმუშაოს, რაც ხელისუფლების ინკლუზიურობასა და ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს. ოპოზიციისთვის ეს კონსტრუქციულ მიდგომას ნიშნავს და ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესის მიღწევა მოხდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“,- განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების სანდოობის ხარისხს საქართველოში, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო და პოსტსაარჩევნო ვითარებაში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები შეისწავლიან. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მიიღებენ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში გამართულ არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში. ამისთვის კი პოლიტიკოსებს მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend