მთავარისაქართველო“ქართული ოცნება” პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება

საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო, ე.წ. მოტივირებული შენიშვნები, უკვე პარლამენტშია. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.

„2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს არსებითად ვერ ცვლის, რადგან იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას, ძალიან დაბალია“, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილს შეთანხმებული სქემა ჰქონდათ „ცესკოს“ დისკრედიტაციისთვის, რომელიც ჩავარდა. ახლა კი ოპოზიციის მიზნის მიღწევას პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებით ცდილობენ. „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

“„ნაცების“ სქემა ნათელია. მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, მისი გადაყენება და ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები. “ნაცების” დანამატმა ხაზარაძემ ეს მოინდომა, ჩაუვარდა და ახლა იქნებ შემოატრიალოს ამბავი, პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ეს არის მთელი ისტორია, ყველაფერი ნათელია. რა თქმა უნდა, ამ ვეტოსაც დავძლევთ“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ვეტოს პათოსს იზიარებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე საბოტაჟში სდებს ბრალს. ამავე აზრზე არიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც. მათი აზრით, მმართველი პარტია 9 დათქმის სათანადოდ შესრულებას არ აპირებს და ეს კანონი ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ „გირჩის“ ლიდერებს, რომლებიც „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ფარულ თამაშებსა და ვეტოებით გართობაში ადანაშაულებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ მორიგ ჯერზე დაწყებულია საბოტაჟის პროცესი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების. ამ კონტექსტში მინდა, მივესალმო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ვეტოს სახით და ვეტო დაადოს იმ ცვლილებებს, რომლითაც „რუსული მთავრობა“ ფაქტობრივად ცდილობს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო ადმინისტრაციაზე კონტროლი განამტკიცოს. მაშინ როდესაც ევროკავშირის მოთხოვნა არის სწორედ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება და ამით ფაქტობრივად ნდობას ამცირებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, იმის ნაცვლად, რომ ეს ნდობა გაიზარდოს“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებების პაკეტი 2024 წლის 20 თებერვალს მიიღო. ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ კანონზე ვეტოს დადების კიდევ ერთ მოტივად პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია. რეგლამენტის თანახმად, ბიუროს შემდეგ დოკუმენტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება, შემდეგ სესიაზე გადაინაცვლებს კენჭისსაყრელად. „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend