მთავარისაქართველოტაქსის მძღოლების პროტესტი თბილისში

ტაქსის მძღოლების პროტესტი თბილისში

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს “ბოლტისა” და “იანდექსის” წინააღმდეგ. მძღოლების ნაწილი ტარიფების მომატებას, ნაწილი შრომითი ხელშეკრულების შემოღებას, ნაწილი კი კომპანიების მხრიდან მძღოლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ითხოვს. მძღოლების პროტესტს მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები. ამ ორგანიზაციამ კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

“დასაქმებულია ათასობით ადამიანი, რომლებსაც არაგარანტირებული სამუშაო ადგილი აქვთ. დღეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სასამართლომ როგორც შრომითი ურთიერთობა აღიაროს. ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც დასაქმებულები აპროტესტებენ, არ იქნება ისე, როგორც დღეს არის. შრომითი ურთიერთობების დროს ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შრომის კოდექსით რეგულირდება. სარჩელი შეგვაქვს “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ. კომპანიებსა და დასაქმებულებს შორის უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება”,- განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა ლავრენტი ალანიამ.

მძღოლების პროტესტს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ მძღოლებს შესაბამისი ლიცენზირებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ მიცემული, რათა ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლებით ესარგებლათ. მისივე თქმით, დაგეგმილია გარკვეული ცვლილებებიც.

„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად, ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე რომ, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, იმისთვის, რომ A კატეგორიის, თეთრი ფერის ტაქსი გადაადგილდეს საავტობუსო ზოლში, ავტომანქანის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2023 წლის პირველი ივნისიდან, იმ ტაქსების რაოდენობა კი, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თბილისში 3 500-ია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend