დაკავებულია ირანელი მომღერალი, რომლის დაწერილი სიმღერაც სახელწოდებით ,,ბარაიე” 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჰიმნად იქცა.
შერვინ ჰაჯიპურს სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმოებასა და პროტესტის წახალისებაში ედებოდა ბრალი. მას 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობასთან ერთად შერვინ ჰაჯიპურს ახალი სიმღერის დაწერაც დაევალა, ამჯერად, ”აშშ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ”.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, სულ რაღაც ერთი თვით ადრე, შერვინ ჰაჯიპურმა გაავრცელა მორიგი საპროტესტო ხასიათის სიმღერა, რომლის ტექსტში იგი ამბობს, რომ არასოდეს დატოვებს ირანს.
საპროტესტო სიმღერა ,,ბარაიე” კი იმის შესახებ ჰყვება, თუ რის გამო გამოვიდნენ ახალგაზრდა ირანელები ქუჩაში, მას შემდეგ, რაც მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა. ახალგაზრდული პროტესტი მალე ირანის თეოკრატიული მმართველობის დამხობის მოწოდებებში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 000-ზე მეტი კი დააკავეს.
აქტივისტების, მწერლებისა და ხელოვანების დევნა არც აქციების ჩახშობის შემდეგ შეწყვეტილა. საპროტესტო ჰიმნის ავტორ შერვინ ჰაჯიპურსა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ნარგეს მოჰამადდთან ერთად ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ზნეობის პოლიციის სამიზნეშია.
სიმღერისთვის გრემი ჰაჯიპურს აშშ-ის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა გადასცა. ცერემონიის დროს მან აღნიშნა, რომ სიმღერა ძლიერი და პოეტური მოწოდებაა თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დაცვისკენ და მიუხედავად იმისა, რომ შერვინი დააკავეს, ამ სიმღერის მეშვეობით მთელ მსოფლიოში ისმის „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება.“