მთავარისაქართველო„ვისაც რეზიდენტურა ადარდებს“

„ვისაც რეზიდენტურა ადარდებს“

„ვისაც რეზიდენტურა ადარდებს“ ფეისბუკ ჯგუფია, რომელშიც სამედიცინო განათლების რეზიდენტები ამ სფეროში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

ბაკალავრიატში ექვსწლიანი სწავლის შემდეგ, სტუდენტები პრაქტიკულ საგნებს რეზიდენტურის პროგრამებში გადიან. თუმცა ამ ჯგუფის წევრები წერენ, რომ აქ ბევრი პრობლემა ჩნდება, როგორც ამ რეზიდენტურაში მისაღები გამოცდის ფორმატთან დაკავშირებით, ასევე, გამოცხადებული ადგილების რაოდენობის თვალსაზრისით.

2019 წელს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულაციების სააგენტომ“ რეზიდენტურის გამოცდები ფასიანი გახადა. მათი თქმით, ეს გამოცდების ფორმატის დახვეწისათვის ხდებოდა.

თათული შერვაშიძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფასიანი ტესტები ჩააბარა. ამბობს, რომ ტესტებში ძალიან ბევრი შეცდომაა.

“დაახლოებით ხუთი ათასამდე ტესტი იყო, მათგან ბევრი არაკორექტული. მე პირადად აღარ ჩამიბარებია იმის შემდეგ და, როგორც სხვებისგან გავიგე, ტესტი შეიცვალა. ხუთიათასიდან ჩამოვიდა ალბათ სამიათასამდე. რამდენიმე ტესტი ამოიღეს საერთოდ, მაგრამ მაინც შეცდომებითაა სავსე. ზოგადად, სტრუქტურა არ შეცვლილა. რამდენიმე არაკორექტული ტესტი, რომელიც ყვიროდა, რომ არაკორექტულია, ამოიღეს”,-ამბობს თეონა.

რეზიდენტურა რომელიმე კონკრეტული კლინიკისთვის მუშაობას ითვალისწინებს, მაგრამ დასაქმებულ რეზიდენტებს ანაზღაურება არ აქვთ. უფრო მეტიც, მათ თავად უწევთ პროგრამაში მონაწილეობისთვის ფულის გადახდა.

თათული შერვაშიძე რეზიდენტურის პროგრამის სხვა პრობლემებზეც საუბრობს.

„შეიძლება ისე დაამთავროს რეზიდენტმა რეზიდენტურა, რომ თავისი სპეციალობით ერთი დღეც არ იმუშაოს, რადგან მოგეხსენებათ, რომ რეზიდენტურა მხოლოდ საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია ფასიანი. შესაბამისად, სტუდენტმა რომ ეს თანხა გადაიხადოს, მუშაობს სხვა კლინიკაში ან აბსოლუტურად სხვა სამსახურში. რეზიდენტურის დრო მიდის. სადღაც სამ წელიწადში აიღებ ლიცენზიას, ისევ დაზეპირებული ტესტებით, რა თქმა უნდა, ისე, რომ სპეციალობაზე შეიძლება ჰქონდეს ნულოვანი წარმოდგენა“, – მიიჩნევს თეონა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა და რეზიდენტები დიპლომისშემდგომი სწავლების ხარისხისა და მეთოდების თაობაზე გამოკითხა.

გამოკითხული რესპონდენტებიდან 139-ის აზრით, საქართველოში მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის.

ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჭოლაძე გვიყვება, რომ ამ და სხვა პრობლემების გამო, ქვეყნიდან ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი გაედინება.

მას სამედიცინო სფეროში რეზიდენტურა საქართველოში, ესპანეთსა და იტალიაში აქვს გავლილი. იგი ქართულ და უცხოურ პროგრამებს შორის დიდ განსხვავებას ხედავს.

“სამედიცინო უნივერსიტეტის 2018 წლის გამოშვება ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც კი შანსი გაუჩნდა, რომ უცხოეთში წასულიყო, აბსოლუტურად ყველა წავიდა ქვეყნიდან.  ზოგმა დროებით, მაგალითად, როგორც მე ორ სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგმა სამუდამოდ გადაწყვიტა, რომ თავისი კარიერა უცხოეთს დაუკავშიროს და ეს არა იმის გამო, რომ მაგალითად, მისი ქვეყანა არ უყვარს – არა,  ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში  ვიმუშაოთ, უბრალოდ შესაბამისი დახელოვნების შესაძლებლობა და ფინანსური ხელშეწყობა არ გვაქვს”, – წუხს გიორგი.

გიორგის სამედიცინო სფეროში რეზიდენტურა საქართველოში, ესპანეთსა და იტალიაში აქვს გავლილი. იგი ქართულ და უცხოურ პროგრამებს შორის შემდეგ განსხვავებას ხედავს.

გარდა სწავლების დაბალი დონისა, რეზიდენტებისთვის პრობლემაა ოცდაათ წლამდე ანაზღაურების გარეშე მუშაობაც.

“თქვენ წარმოგიდგენიათ 25-26 წლის ადამიანი, ზოგს ოჯახი ჰყავს, ოჯახიც რომ არ ჰყავდეს,  ანაზღაურებას არ იღებს, და პირიქით, რეზიდენტურაში იხდის ფულს. მერე ამით იქმნება მანკიერი წრე – ადამიანები აბარებენ ერთი მიმართულებით, მუშაობენ სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ იქ [რეზიდენტურაში] ფული გადაიხადონ”, – ამბობს გიორგი.

რეზიდენტთა ბედი „დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ აბარია. მათი წარმომადგენლების განცხადებით, სამინისტროს უკვე აქვს ინფორმაცია პრობლემებთან დაკავშირებით და გარკვეულ ცვლილებებს გეგმავენ, თუმცა ამჯერად თავი შეიკავეს კითხვებზე პასუხის გაცემისგან. .ისიც არ  არის დაზუსტებული, თუ როდისთვის იგეგმება დაპირებული ცვლილებები.

დრო გადის და პრობლემათა გრძელი სია არ იცვლება. როგორც ისინი გვეუბნებიან, „ვისაც რეზიდენტურა ადარდებს“,  რეზიდენტების პრობლემები ისევ და ისევ მათ პრობლემებად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend