მთავარისაქართველორამდენად სეისმომედეგია თბილისი?

რამდენად სეისმომედეგია თბილისი?

ურბანისტები მუდმივად ჩივიან, რომ თბილისში ქაოსური მშენებლობები მიმდინარეობს. სეისმოლოგები კი ამტკიცებენ, რომ ეს პრობლემას უქმნის ქალაქის სეისმურ უსაფრთხოებას, რადგან დედაქალაქი სეისმურად აქტიურ ზონაშია. რა მოხდება თუ თბილისში ძლიერი მიწისძვრა იქნება? ამ კითხვაზე სპეციალისტები საუბრობენ.

„თბილისი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ეს ადრე ეგონათ, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექტონიკური კუთხით, განსაკუთრებით ტექტონიკური კუთხით. მიწისძვრის საფრთხე, მიწისძვრის რისკი და მიწისძვრისთვის მზადება ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ვერ ვსაზღვრავთ როდის მოხდება მიწისძვრა, მაგრამ ვიცით, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა ერთ დღეს დიდი მიწისძვრა მოხდეს. ეს ერთი დღე და ერთი წამი, თუნდაც, სამი წამი, საზღვრავს ათასობით ადამიანის სიცოცხლის ბედს“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

„დღეს არის თბილისში 50 000-ამდე ძველი, გასული საუკუნის 30-80-იან წლებში აშენებული შენობები, რომლებსაც აქვთ სეისმომედეგობის დეფიციტი. ესე იგი შენობა იყო დაპროექტებული და აშენებული 7 ბალზე, თუმცა დღეს გარემო არის 8-ბალიანი, ანუ ერთი ბალით არის სეისმომედეგობის დეფიციტი. ეს არის პრობლემა თბილისისათვის”, – ამბობს პაატა რეკვავა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს თბილისში მშენებლობის 5611 ნებართვა გაიცა, ხოლო 1052 ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღეს. აქედან უმეტესობა მრავალსართულიანი კორპუსებია.

„რატომ ვამბობთ სეისმოლოგები და ჩვენი დარგის წარმომადგენლები, რომ ასეთი მშენებლობა არ შეიძლება? ცუდი შენობები, ცუდი დაგეგმარება და ინფრასტრუქტურა არის განმსაზღვრელი ფაქტორი სეისმური რისკისა ქვეყანაში. ამიტომ ხარვეზები, რომლებსაც ვხედავთ სამშენებლო ინდუსტრიაში, ზრდის სეისმურ რისკს, ადამიანებს საფრთხეში აგდებს და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხს განსაზღვრავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამბობს თეა გოდოლაძე.

თბილისში, სეისმური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ვერეს ხეობა.

„ვერე არის ხეობა, რომელსაც ახასიათებს წყალმოვარდნა და ის მიწისძვრის გარეშეც საშიშია, არსებობს რეკომენდაციები და დასკვნები, რომლებიც 2015 წლით თარიღდება, სადაც წერია: გაასახლეთ ყველა ვერეს ხეობიდან. ეს დასკვნები არის ხელმოწერილი საქართველოს გეოლოგებისა და ამერიკული ჯგუფის მიერ, თუმცა დღეს იქ მშენებლობებია გაჩაღებული და არავინ აქცევს ყურადღებას”, – ამბობს თეა გოდოლაძე.

რა ბედი ელის შენობებს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და მათში ცხოვრება სახიფათოა?

„ახლა საჭიროა ამ შენობების ტექნიკური პასპორტიზაციის განხორციელება, ეს ნიშნავს, რომ თითოეული შენობის ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ დეტალურად, თუ საჭიროა ექსპერიმენტი ჩატარდეს ამ შენობებზე, მოხდეს გადაანგარიშება, ანუ ერთი ბალით უნდა გაიზარდოს მათი საანგარიშო სეისმურობა. ფაქტობრივად თავიდან უნდა მოხდეს ამ შენობების დაპროექტება და მომზადდეს მათი გაძლიერების პროექტები. თუ შენობას ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, დაინგრევა, თუმცა არის შენობები, რომლებიც ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ექსპლუატაციაში“, – ამბობს პაატა რეკვავა.

2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სექტორი ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებებია, რომ მშენებლობა სრულად ევროპული ნორმების შესაბამისად დაიგეგმოს. სწორედ ეს ევროპული სტანდარტია ეგრეთ წოდებული ევროკოდები, რაც მშენებლობის დაპროექტებისა და შენების წესებს განსაზღვრავს. ამ სტანდარტებში შედის სეისმომედეგობაც.

„საქართველო უნდა გადავიდეს პროექტირების ევროპულ სტანდარტებზე, რომლებსაც სჭირდება აუცილებლად სეისმური ზონირების ახალი რუკები. ამ რუკებზე მუშაობდა ორი ინსტიტუტი: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და გეოფიზიკის ინსტიტუტი. მათ სამი წლის უკან მოამზადეს ახალი რუკა, რომელიც ფაქტობრივად დაძველდა და თავიდან უნდა გადამუშავდეს”, – ამბობს პაატა რეკვავა.

სეისმური ზონირების ახალი რუკების პირობებში, მშენებლობის უფლების მიღება გართულდება და მშენებლობა ვეღარ დაიწყება სეისმურად აქტიურ ზონებში.

როგორც თეა გოდოლაძე ამბობს: „მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, ამიტომ მიწისძვრა ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი, ამიტომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მესმის, რომ ეს არასასიამოვნო ინფორმაციაა და რთულია მოსასმენად, მაგრამ ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის პრეროგატივა, რომ ვემზადოთ ბუნებრივი საფრთხეების კუთხით”.

ამასობაში თბილისში მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისინი დადიან სამსახურებსა თუ სკოლებში, შემდეგ მშვიდად ბრუნდებიან შინ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ახერხებენ იმაზე დაფიქრებას, რომ იმ შენობების ნაწილი, რომლებშიც შედიან თუ გამოდიან, შესაძლოა სეისმურად საშიში იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend