მთავარისაქართველოფესტივალი INTERNATIONAL PIANO MASTERS თბილისში გაიმართება

ფესტივალი INTERNATIONAL PIANO MASTERS თბილისში გაიმართება

2024 წლის ზაფხულში თბილისი მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ ფესტივალ International Piano Masters უმასპინძლებს. ფესტივალი ფრანგმა პროფესორმა პასკალ ნემიროვსკიმ დააფუძნა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

21-28 ივლისს თბილისში ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის ჩატარდება ერთკვირიანი მასტერკლასები და კონკურსი, რომლებსაც მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები უხელმძღვანელებენ. კონკურსში გამარჯვებული შემსრულებლები სოლო და სიმფონიური პროგრამით გალა კონცერტზე წარდგებიან. მასტერკლასებში მონაწილეობას 70-ამდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს.

როგორ გადაწყდა ფესტივალის თბილისში ჩატარება, ამის შესახებ პასკალ ნემიროვსკი გვიყვება.

„ყოველთვის ვოცნებობდი ახალგაზრდა მუსიკოსების გარემოცვაში ყოფნაზე. ამ ფესტივალს კი ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლო კონკურსების, მასტერკლასებისა და არაჩვეულებრივი პედაგოგების ჩამოყვანის საშუალებით. გასულ წელს ფესტივალი ვენაში ჩატარდა. ახლა კი ჩვენ თბილისში ვართ. ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა ლუის შვიცგებელმა დავით ალადაშვილი გამაცნო, ისინი ჯულიარდში ერთად სწავლობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ და სწორედ აქ დაიბადა იდეა, რომ ფესტივალი საქართველოშიც გაგვემართა. ამ ამბავს დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ, რადგან საქართველო ძალიან შთამაგონებელი ადგილია. ეს ქვეყანა ძალიან დიდი მუსიკალური კულტურის პატრონია“, – ამბობს პასკალ ნემიროვსკი, პიანისტი, პედაგოგი, IPM-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფესტივალზე მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი პიანისტები: ლიზ დე სალი, პასკალ ნემიროვსკი, ლუი შვიცგებელი, მიშელ ბეროფი და ბევრი სხვა…

პიანისტი და International Piano Masters-ის გენერალური მენეჯერი დავით ალადაშვილი ამბობს, რომ მასტერკლასებში მონაწილეობა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის დიდი გამოცდილება იქნება.

ერთკვირიანი მასტერკლასების შემდეგ ჩატარდება კონკურსი, გამარჯვებული შემსრულებლები სოლო და სიმფონიური პროგრამით გალა კონცერტზე წარდგებიან. როგორც ფესტივალის დამფუძნებელი პასკალ ნემიროვსკი ამბობს, ეს დღეები მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend