ზუსტად ცხრა წლის წინ მოსკოვში კრემლის მიმდებარედ ხიდზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ბორის ნემცოვი. მას 5 ტყვია ესროლეს, როცა მეგობარ გოგონასთან ერთად სეირნობდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით რუსეთში 5 ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს, მათ ამ დრომდე არ უღიარებიათ თავდასხმაში მონაწილეობა. რუსი პოლიტიკური აქტივისტები კი ნემცოვის მკვლელობაში ვლადიმერ პუტინსა და კრემლს ადანაშაულებენ, რადგან ოპოზიციონერების მოწამვლა და მკვლელობა მათი აზრით, სწორედ პუტინის ხელწერაა.
მას შემდეგ, მსოფლიოში არაერთ ქუჩასა და მოედანს დაარქვეს რუსი დისიდენტის პატივსაცემად სახელი. მათ შორის ქუჩებს, რომლებზეც ამა თუ იმ ქვეყანაში რუსეთის საელჩო მდებარეობს. დღეს კი მოსკოვში ადგილობრივების ნაწილმა და უცხოელმა დიპლომატებმა ყვავილები მიიტანეს კრემლთან ბორის ნემცოვის გარდაცვალების ადგილას.