მთავარისაქართველოჰერჩინსკი: “იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას”

ჰერჩინსკი: “იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას”

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩისნკიმ ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გააკეთა განცხადება. ელჩის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან პროცესს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ის იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესებზე ყურადღების გადატანის მიუხედავად, შესაბამისად შესრულდება ის 9 დათქმა, რომლებიც ქვეყანას ევროკომისიამ განუსაზღვრა გაწევრების მომდევნო, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. ელჩი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

“არ მსურს ვისაუბრო საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე, რადგან ევროკავშირი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს თავისი პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლების მოსაზიდად და მომავალი პარლამენტი წარმოადგენდეს საქართველოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების მრავალფეროვნებას.

საქართველოში წელს არჩევნებია და ენერგიისა და რესურსების დიდი ნაწილი წავა სწორედ წინასაარჩევნო კამპანიაზე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ამის პარალელურად შესრულდება ის 9 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკომისიამ ჩამოაყალიბა და წლის ბოლოს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, უფრო ზუსტად კი რეკომენდაცია ნომერი ორი, არის ის, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამ დროისთვის შესაბამისობის დონე არის საკმაოდ დაბალი, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან და ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს დონე ეტაპობრივად გაიზარდოს.

როდესაც საქართველოს გაწევრიანების დღე დადგება, მისი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს შესაბამისობა დაბალია. შეინიშნება ზრდის ტენდენცია, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის. ეს ეხება ყველა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომლებიც ერთსულოვნად არის შეთანხმებული 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ და ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკა იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და ეს შესაბამისობის დონე იქნება მაქსიმალურად ახლოს 100%-თან.

ახლა ინტენსიური კონსულტაციებია ევროკომისიასა და აქართველოს ხელისუფლებას შორის ცხრავე რეკომენდაციაზე. ჩვენ უნდა დავიცადოთ ოქტომბრამდე და დეკემბრამდე. ამჟამად ჩვენ ვიწყებთ შემდეგი გაფართოების მოხსენების მომზადებას და გვაქვს კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან. მომავალ კვირას ვიწყებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, ისევე როგორც ევროკომისიის მომდევნო რეკომენდაცია. დეკემბერში კი წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადავიდეს თუ არა საქართველო მომდევნო ეტაპზე”,- განაცხადა ელჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend