მთავარისაქართველოუკანასკნელი იუნკრის სიმღერა

უკანასკნელი იუნკრის სიმღერა

დღეს, 23 თებერვალს, იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველო 103 წლის წინ საბჭოთა არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს იხსენებს. იუნკრების შესახებ ბევრი რამ ვიცით… ვიცით, რომ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც საოკუპაციო ჯართან ბრძოლაში დაეცნენ, გადარჩენილები კი ემიგრაციაში წავიდნენ. ვიცი ისიც, რომ მათ ძალიან უყვარდათ ქართული ხალხური სიმღერა. ამ სიმღერების შესახებ ამბები ნიკოლოზ მათიკაშვილმა, უკანასკნელმა იუნკერმა, საკუთარ წიგნში შემოგვინახა.

“სიკვდილზე არც არავის გვიფიქრია და არც შეგვშინებია. ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ხელყუმბარები და ჭურვთა ნამსხვრევები. ჩვენს სანგრებში ჩამალვას სანგრების პირას ფეხზე დგომას ვარჩევდით. შიგადაშიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა, წრე შეგვიკრავს ხოლმე და სიმღერა წამოგვიწყია. ძნელია, მოიგონო ყველა სიმღერა, რომელიც გვიმღერია ომის გარემოცვაში, ზოგი კი დამამახსოვრდა…“

იუნკერთა ხსოვნის დღეს ეს სიმღერები ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში “ფოლკ-ახალგაზრდობის” წევრებმა გააცოცხლეს. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა რეჟიმი ყველაფერს აკეთებდა, რომ იუნკერთა ხსოვნა ისტორიული მეხსიერებიდან ამოეშალა. თუმცა საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წლის შემდეგ საქართველოში ისევ მღერიან იუნკერთა სიმღერას.

ეს სიმღერები კიდევ სხვა ბევრ ამბავთან ერთად ემიგრაციაში თან წაიღეს ომს გადარჩენილმა იუნკრებმა.

ნიკოლოზ მათიკაშვილის წიგნში ვკითხულობთ: „ტირილით არავის გვიტირია, მაგრამ გულს მოწოლილი სევდა მარყუჟივით სულს გვიხუთავდა და გვახრჩობდა. დიდხანს, შუაღამემდის ვიდექით ხმაგაკმენდილნი, გემბანის მოაჯირს მიყუდებულნი… დილით ადრე წამოვიშალენით. ავცვივდით გემბანზე, იქნებ ქართულ მიწისთვის ერთხელ კიდევ მოგვეკრა თვალი. ირგვლივ სუსტი ჯანღი შემოგვკროდა. ნაპირი აღარა ჩანდა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend