მთავარისაქართველოსახელოსნოდან სცენამდე...

სახელოსნოდან სცენამდე…

თორნიკე ნუკრაძე თეატრალურ უნივერსიტეტში  სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს. იგი ბოლო კურსზეა, თუმცა ჯერ სპექტაკლებში არ მონაწილეობს. თორნიკეს თქმით, სამსახიობო სფეროში თავის დამკვიდრება რთულია, რადგან კონკურენცია მაღალია, მოთხოვნა კი – მცირე.

„გამოწვევები და დაბრკოლებები ბევრია. პირველ რიგში, მენტალურად უნდა იყო ძლიერი. არა მარტო ამ პროფესიაში, ზოგადად ნებისმიერ სფეროში თუ მენტალურად ძლიერი არ ხარ, ყველგან გაგიჭირდება. კონკრეტულად სამსახიობო სფეროს რაც შეეხება,  რთულია გადანაწილება. ჩემი ჩათვლით ბევრს სურს მსახიობობა, თუმცა მცირეა მოთხოვნა“,- აღნიშნა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა თორნიკე ნუკრაძემ.

ჯაბა ჯანაშია 20 წელია, რაც პროფესიონალი მსახიობია. ის ამბობს, რომ დამწყები მსახიობისთვის თავის დამკვიდრება რთულია, რადგან ყველა თეატრს თავისი მუდმივი, გამოცდილი მსახიობებით შემდგარი დასი ჰყავს, ამიტომ იშვიათად იღებენ ახალ მსახიობებს.

„ყველა თეატრს, განსაკუთრებით სახელმწიფო თეატრებს, თავისი მუდმივი დასი ჰყავს, სადაც თითქმის ყველა ტიპის მსახიობი არსებობს, ამიტომ დამწყები მსახიობები აღარ სჭირდებათ.  წელიწადში რამდენიმე ათეული ადამიანი ამთავრებს სამსახიობო ფაკულტეტს. მე რომ ვსწავლობდი 2004-2008 წლებში, ასეთი სტატისტიკა არსებობდა, თუ ჯგუფში იყო 10-12 ადამიანი, თეატრში ხვდებოდა 2-3. კარგ შემთხვევაში 4 თუ მოხვდებოდა, ესე იგი ეს განსაკუთრებული  ჯგუფი იყო. სამწუხაროდ ეს სტატისტიკა, როგორც ვიცი, დღესაც არ შეცვლილა“,- განაცხადა ჯაბა ჯანაშიამ.

როგორც პროფესიული კავშირის „გილდიას“ იურისტი შალვა ღვთისიაშვილი ამბობს, ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიით დასაქმება უჭირთ. განსაკუთრებით კი რთულია თავის დამკვიდრება კულტურის სფეროში. „გილდიას“ იურისტის თქმით, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის ნაკლებობა და  მაღალი კონკურენციაა.

„მსგავსი მიმართულება არ მარტო სამსახიობო სფეროში, არამედ სხვა მიმართულებითაც არ აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ წაახალისოს ახალგაზრდები, თავიანთ სფეროში დასაქმდნენ და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები“,- ამბობს შალვა ღვთისიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მსახიობისთვის ამ სფეროში თავის დამკვიდრება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თორნიკეს თქმით, საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა, მონდომება და მიზანდასახულობა მაინც მოიტანს წარმატებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend