მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილის ანგარიში

შალვა პაპუაშვილის ანგარიში

საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ. წლიური ანგარიშის წარდგენისას შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციაზე და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. აღნიშნა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ არ იყო არც „აგენტების შესახებ კანონი“ და არც „რუსული კანონი“. მეტიც, თქვა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში რადიკალიზმის ალაგმვაში. ასევე ისაუბრა მიღებულ კანონპროექტებზე, გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ პლენარული სხდომების 15%-ს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, ან არ დაესწრო.

„დრომ გვიჩვენა, რომ სიმართლე არ აღმოჩნდა კანონპროექტით შეშფოთებული ჯგუფების მაშინდელი მტკიცება, თითქოს უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის ისედაც გამჭვირვალეა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა. დრომ ასევე ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ არანაირად არ იყო არც კანონი „აგენტების შესახებ“ და არც „რუსული კანონი“. გარდა იმისა, რომ ყველა დარწმუნდა, რომ კანონპროექტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანი, საზოგადოებამ ისიც კარგად დაინახა, თუ როგორ წარმოიშვა და ყოველგვარი ისტერიის გარეშე ახლაც განიხილება ევროკავშირში ამგვარი კანონის მიღების იდეა. და ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ვარსებობთ საერთაშორისო უსაფრთხოების უპრეცედენტო დაძაბულობის ეპოქაში, როდესაც იატაკქვეშა, ჰიბრიდული ოპერაციები პოლიტიკის ლამის ბუნებრივ იარაღად იქცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს ვერ ეწევა. აღნიშნეს, რომ ყველაფერი, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას დააბრალა, შინაარსობრივად „ქართული ოცნების“ შეცდომები იყო და მისი გამოსვლა გაჟღენთილი იყო დაპირისპირების რიტორიკით. ოპოზიციაში დაინტერესდნენ, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს, წარმოადგინოს ხედვა, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, რომ წინასაარჩევნოდ ნდობის გარემო შეიქმნას.

“ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა არ შეიძლება გამოხატოთ იმ 800 000 ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომლებიც თქვენი მმართველობის დროს წავიდნენ ქვეყნიდან, ან იმ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილნი. ჩემო კარგებო, რაც არ უნდა იძახოთ და იყვიროთ, ეს არის რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს და ამ რეალობას თქვენგან პასუხი სჭირდება. ბატონო შალვა, რატომ არაფერი თქვით, მაგალითად, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც შობადობის კუთხით არის ქვეყანაში. ეს არის ის რეალობა, სადაც საქართველო ცხოვრობს, ფასების ზრდა, შემოსავლის კლება, ადამიანების ქვეყნიდან წასვლა, უმუშევრობა, სიღარიბე და თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს დამაპირისპირებელი ტონალობა რამე პასუხს გასცემს იმ ადამიანების პრობლემას, რაც დღეს საქართველოშია?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე ხმაურიც იყო. კერძოდ, უმრავლესობის წევრთა გაღიზიანება კორუფციის საკითხზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, როდესაც ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება ხშირად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა რეალურად ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის მათი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend