მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელი: "არის პროგრესი, თუმცა საქართველოსგან მეტს ველით"

ჯოზეფ ბორელი: “არის პროგრესი, თუმცა საქართველოსგან მეტს ველით”

20 თებერვალს პირველად გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი და ასევე პირველად ირაკლი კობახიძე ამ საბჭოზე ქვეყანას წარმოადგენდა როგორც პრემიერ-მინისტრი. სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. ევროპელმა დიპლომატებმა დღეს თქვეს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი, თუმცა ქვეყნისგან მაინც მეტს ელიან. მაგალითად, ელიან რეფორმების დაჩქარებას, ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაძლიერებასა და სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს.

“პირველ რიგში თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების იმპლემენტაციის პროცესი. მათ შორისაა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ის 9 პირობა, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით გადმოგცათ. ამისთვის თქვენ დიდი შესაძლებლობა გაქვთ, გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და როგორც გითხარით აუცილებელია, პროცესში ყველა მხარე იყოს ჩართული.

მეორე – ჩვენი ერთობა დაფუძნებულია საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზე. და ახლა ეს ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და ვიტყოდი სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში. ვიცით, რომ ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრის თვალსაზრისით პროგრესია, მცირე პროგრესი, თუმცა მაინც პროგრესი. ჩვენ მეტს ველოდებით მომავალ წლებში. ჩვენ გვაწუხებს ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელება. გვინდა გთხოვოთ, რომ გააორმაგოთ თქვენი ძალისხმევა და ებრძოლოთ ინფორმაციულ მანიპულაციებსა და საგარეო ჩარევას.

მესამე – ეს წელიწადი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ქართული დემოკრატიისთვის. მე ამას დავაკავშირებდი ევროკავშირის საარჩევნო პროცესთანაც. ჩვენ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ არჩევნებამდე გაითვალისწინოთ ოდირისა და ვენეციის რეკომენდაციები რათა ჩაატაროთ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ოლივერ ვარჰეიმაც ისაუბრა საქართველოში რეფორმების მნიშვნელობაზე. მან თქვა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. მან ისიც კი თქვა, რომ თუ საქართველო 2030 წლისთვის ყველა პირობას შეასრულებს, ბრიუსელი მზად უნდა იყოს ქვეყნის ევრობლოკში მისაღებად… დიპლომატის თქმით, ბრიუსელში ამ შეხვედრის გამართვის მიზანი ის არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

“საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი, 9 ნაბიჯი გადასადგმელია და სწორედ ამ გზით გახდება საქართველო კავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართველ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ რეფორმების გატარების ტემპი დააჩქარონ, იქნება ეს მართლმსაჯულების თუ რომელიმე ეკონომიკური ხასიათის რეფორმა, რაც დრო გავა, სამუშაო მეტი იქნება, ეს ინტეგრაციის პროცესში ბუნებრივია”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირში წევრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეესაბამება ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს.

“თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, მაშინ ჩვენც უნდა ვიყოთ მზად მივიღოთ საქართველო ჩვენს რიგებში”, – განაცხადა ვარჰეიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend