რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვში სულ მცირე 6 პირს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის მოსკოვში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან ასობით მოქალაქე სანთლებითა და ყვავილებით მიდის.
ისინი ფიქრობენ, რომ ალექსეი ნავალნი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი იყო.
თქვენი აზრით ის გმირია?
დიახ, ვფიქრობთ, რომ გმირია.
რატომ?
იმიტომ, რომ თავისუფლებისთვის იბრძოდა.
რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება?
რადგან გვჯერა, რომ 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია არა დიქტატურაში, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობდე.
„სოლოვეცკის ქვასთან“ მივიდა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც. „ვგლოვობთ ალექსეი ნავალნისა და პოლიტიკურ რეპრესიებს შეწირულ სხვა ადამიანებს“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობაში.
ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის საელჩოსთან ლონდონში გამოჩნდა წარწერები „მოკლული, მაგრამ არა დავიწყებული“, „ადამიანის მოკვლა შესაძლებელია, სიმართლის – არა“.
ბერლინში რუსეთის საელჩოსთან ასობით პირმა გააპროტესტა პუტინის პოლიტიკა. აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობის მიმდებარედ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტი აქტივისტთა ჯგუფმა Pussy Riot-მა წამოიწყო.
„ბევრი ამბობს, რომ იმედი ნავალნისთან ერთად მოკვდა. მგონია, რომ ასე არ არის. იმედი არ მომკვდარა, თუმცა პასუხისმგებლობა დაიბადა… ახლა ბევრი ჩვენგანი სიცარიელეს გრძნობს. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ შევავსოთ ის”, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ნადია ტოლოკონიკოვა, Pussy Riot-ის თანადამფუძნებელი.
18 თებერვალს კი ასტანაში გამართულ კონცერტზე იური შევჩუკმა ნავალნის სიმღერა „თავისუფლება“ მიუძღვნა.
ჯგუფის DDT ლიდერმა აუდიტორიას ამ სიტყვებით მიმართა: „ალექსეი ნავალნი მოკლეს. მან შეგვახსენა, რომ შეგვიძლია თავისუფლება მოვიპოვოთ. თქვა, რომ თავისუფლების გარეშე რწმენა ფანატიზმია, შრომა მონობა, სიყვარული კი ტირანია. თავისუფლების გარეშე არაფერი ხდება. მის გარეშე ყველაფერი შავადაა შეღებილი. გვინდა, მის ხსოვნას მივუძღვნათ სიმღერა, რომელსაც „თავისუფლება“ ჰქვია“.