მთავარიევროპარუსეთიიმიერპოლარეთის N3 საპყრობილე

იმიერპოლარეთის N3 საპყრობილე

ყინვა მინუს ოცი გრადუსი ცელსიუსით, ე.წ. ლითონის კარადა და პატარა, ცივი სამარტოო საკანი… ასეთი პირობებია ნომერ მესამე საპყრობილეში, იმიერპოლარეთში, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

ევრონიუსთან ინტერვიუში პროექტ გულაგუ.ნეტ-ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი საუბრობს იმ პირობების შესახებ, რაც მესამე საპყრობილეში იყო.

ამბობს, რომ პუტინს აღარ ეშინია, რადგან “დაუსჯელად ხოცავს უკრაინელებს და მიხვდა, რომ დაუსჯელი დარჩება ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვისაც”.

ვიტალი კოჟოკარი: რომ გვიამბოთ, რა პირობები იყო N3 საპყრობილეში, დაწესებულებაში, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა?

ვლადიმირ ოსეჩკინი: N3 საპყრობილე არის წამების დაწესებულება, სპეციალური რეჟიმის კოლონია. ამ დაწესებულებაში პირობები ისეთივე მკაცრია, როგორც N6 საპყრობილეში, რომელიც ვლადიმირის ოლქში მდებარეობს. საქმე ისაა, რომ ამ კოლონიაში, ერთი მხრივ, არის პატიმართა აქტივისტების წამების ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერ დროს, როცა მითითებას მისცემს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ადმინისტრაცია, შეუძლია, დაიწყოს პატიმრების ცემა, წამება და დაკითხვა. და დანამდვილებით ვიცით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ალექსეი ნავალნის ვლადიმირისა და იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქშიც თან ახლდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები.

მისი პირადი საქმე 2021 წლის იანვრიდან იყო რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უმაღლესი მენეჯმენტის კონტროლის ქვეშ, რომელიც წყვეტს, რომელი ოპერატიული გეგმები იმოქმედებს ამ პირთან მიმართებით. და 2021 წლის იანვარ-თებერვლიდან ჩვენ იმის შესახებ ვსაუბრობთ, რომ ჟიტნოიში, 21-ე საუკუნის ამ გულაგის შტაბ-ბინაში სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა. მათ შორის, სავსებით შესაძლებელია, რომ მასთან მიმართებით დისკრედიტაციასა და მკვლელობის ოპერატიულ გეგმებსაც განიხილავდნენ.

და ჩვენ ვსაუბრობდით ამ რისკების შესახებ. ამდენად, ის ფაქტი, რომ ის წაიყვანეს იმიერპოლარეთში, მიუთითებს იმაზე, რომ ის იქ მოსაკლავად წაიყვანეს.

ვიტალი კოჟოკარი: შეგიძლიათ, პირობების შესახებ მოგვიყვეთ? რა პირობები იყო? ახსენეთ იმიერპოლარეთი, რას ნიშნავს ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ არიან დაპატიმრებულები?‌

ვლადიმირ ოსეჩკინი: რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უკავშირდება სიცივეს. ახლა ზამთარია და იმიერპოლარეთში ძალიან ძლიერი ყინვაა. რა თქმა უნდა, ეს არის მკაცრი პატიმრობის პირობები. საუბარია ჰიპოდინამიაზე, იმაზე, რომ ერთ წელზე მეტი ალექსეი ანატოლივიჩ ნავალნის წამების პირობებში ამყოფებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ მიყვებოდა მათ რჩევას, განაცხადა, რომ ამ საკანში ყოფნის ხანგრძლივობა არის წამება და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ ის ნორმალურ რეჟიმში.

ჩვენ ვიცით, რომ მას 20-ჯერ და მეტჯერ გაუხანგრძლივეს სამარტოო საკანში ყოფნის ვადა.

ეს არის ძალიან პატარა, ცივი ოთახი.

ვიტალი კოჟოკარი: რამდენი გრადუსი იყო იქ?

ვლადიმირ ოსეჩკინი: ფორმალურად მათ უნდა შეინარჩუნონ ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსის ფარგლებში, მაგრამ შესანიშნავად გვესმის, რომ გათბობა შეიძლება გამოირთოს, იყოს ქარი. ასევე იმასაც ამბობენ, რომ გავიდა სასეირნოდ და სეირნობის დროს გახდა ცუდადო. ჩვენ ვუშვებთ, რომ ის შეიძლებოდა გაეყვანათ და ყინვაში გაეჩერებინათ დიდხანს. ზუსტად ამიტომ, ჩვენი გულაგუ.ნეტ-ის კოორდინატორები ამჟამად შესაბამის მოთხოვნებს უგზავნიან რუსეთის პროკურატურას, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცენტრალურ ოფისს და გადამოწმებას ითხოვენ იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ის სასეირნოდ კი არ იყო, არამედ დიდხანს ჰყავდათ ყინვაში.

ვიტალი კოჟოკარი: რამდენი გრადუსია?

ვლადიმირ ოსეჩკინი: უბრალოდ იქ გვყავს ერთი ადამიანი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის და მან გამომიგზავნა ინფორმაცია. ახლა იქ არის -22 გრადუსი ცელსიუსით. დილით კი ტემპერატურა -25 -30 გრადუსამდე ეცემა და, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი გარეთ სასეირნოდ რამდენიმე საათს გაატარებს ზამთრის თბილი ტანსაცმლის გარეშე, ან ექნება ჰიპოდინამია, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ბევრი ადამიანი, რომელიც N3 საპყრობილეში იმყოფებოდა, გვიყვებოდა, რომ ფიზიკური დასჯისა და წამების ერთ-ერთ მეთოდად გამოიყენება ე.წ. „ლითონის კარადა“, სადაც ადამიანს კეტავენ, მან შეიძლება იქ 1-2 საათი გაატაროს, ან ნახევარი დღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იქ შეიძლება გაიყინოს…

ვიტალი კოჟოკარი: და თქვენ უშვებთ, რომ ალექსეი ნავალნი ამ ე.წ. „ლითონის კარადაში“ იმყოფებოდა?

ვლადიმირ ოსეჩკინი: ჩვენ გვაქვს ეჭვის საფუძველი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რაც მას შეემთხვა, იყო მიზანმიმართული მკვლელობა. ეს მკვლელობა რა ფორმით იყო, მოწამლეს თუ სასეირნოდ გარეთ ჰყავდათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ა.შ. ამ ინფორმაციას კიდევ გადავამოწმებთ, იმიტომ, რომ სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ვერსიის შესახებ იუწყება, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალური აპარატიდან ნომერ მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა მითითება, რომ ძალიან მკაცრად მოპყრობოდნენ ალექსეი ნავალნის.

რაც შეეხება კონკრეტულ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს ნავალნის მოკვლის ბრძანებას, დღესდღეობით არ გვაქვს, ეს არ იქნება პროცედურული. არაოფიციალურად რა მითითებები მიეცათ, ამის შესახებ ჩვენი წყაროები უნდა გამოვკითხოთ. ერთ-ერთმა მათგანმა გვთხოვა მისი უსაფრთხოება დავიცვათ. და თუ შევძლებთ, მასთან სანდო კონტაქტის დამყარებას და შემდეგ მის ევაკუაციას, ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია გვექნება იმის შესახებ, რა მოხდა ალექსეი ნავალნისთან ბოლო საათებში, ნომერ მე-3 საპყრობილეში.

ვიტალი კოჟოკარი: კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ვიცი, რომ ალექსეი ნავალნის პირადად იცნობდით, შეგიძლიათ მითხრათ მისი სიკვდილი რას ნიშნავს რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, 2024 წლის რუსეთისთვის?

ვლადიმირ ოსეჩკინი: ალექსეი ანატოლივიჩ ნავლანის პირადად ვიცნობდი, 2013-2014 წლებში “ომეგა პლაზაში” ვმუშაობდით ერთად. მაშინ დააარსა მან კორუფციასთან ბრძოლის ფონდი. მთელი ამ წლების განმავლობაში ალექსეი ნავალნის ვიცნობდი როგორც პრინციპულ, პატიოსან, გაბედულ ადამიანს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის რუსეთის ბედნიერ მომავალს წარმოადგენდა. ეს თავადაც უთქვამს. და, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ის მოკლეს, ნიშნავს, რომ მომავლის იმედი მოკლეს, რუსეთის დემოკრატიული მომავალი.

სამწუხაროდ, ახლა მისი მკვლელობის შემდეგ გასაგებია, რომ თავად რუსეთის ბედნიერ მომავალს ვერ მოესწრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მისი საქმეები გაგრძელდება და მისი მომხრეები და მიმდევრები, ასევე რუსეთის მოქალაქეები დააფასებენ მის წვლილს რუსეთის დემოკრატიულ განვითარებაში და დროთა განმავლობაში, მისი სახელი შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

თავისი გამბედაობით ბევრ ჩვენგანს მაგალითი მოგვცა და ვფიქრობ, რომ მისი ხსოვნისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ჩვენი გუნდი გულაგუ.ნეტ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საშინელი მკვლელობის ყველა გარემოება გამოავლინოს.

და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, სანამ ცოცხლები ვართ, რომ ეს დანაშაული გავხსნათ, გამოვავლინოთ ამ მკვლელობის მიზეზები და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მონაწილე, დიქტატორი პუტინით დამთავრებული, დაისაჯოს.

ვიტალი კოჟოკარი: პუტინი ახსენეთ, ფიქრობთ, რომ მან დაუკვეთა მისი მკვლელობა?

ვლადიმირ ოსეჩკინი: არანაირი ეჭვი არაა აქ, ალექსეი ნავალნის ბედი, მისი პატიმრობა, ექვემდებარებოდა სასჯელაღსრულებით ფედერალურ სამსახურსა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცენტრალურ აპარატებს. ზუსტად ვიცით, რომ სასჯელაღსრულებით ფედერალური სამსახურისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერლები ნავალნის მდგომარეობის შესახებ ყოველკვირეულად აცნობებდნენ პუტინს. ამაზე მე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვსაუბრობდი. რუსეთის ციხეების სისტემაზე ტოტალიტარული კონტროლია დამყარებული. სასჯელაღსრულებით ფედერალური სამსახური არ არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ის მთლიანად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტროლქვეშაა, განსაკუთრებით M-ის კონტროლს ექვემდებარება.

ამდენად, ყველაფერი, რაც იქ ხდება, მათ შორის, როგორც გასული წლის მაისში გამოვაქვეყნეთ ზოგიერთი მასალა ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, ხელმძღვანელობა “M” რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში და ხელმძღვანელობა „L“ არის საიდუმლო პოლიცია სასჯელაღსრულებით ფედერალური სამსახურში. ისინი ფარულად უთვალთვალებდნენ როგორც ადვოკატებს, ისე ნავალნის.

ნავალნი ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ იყო. გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ კამერის ოპერატორები და ოპერატიული აგენტები ყურადღებით აკვირდებოდნენ ალექსეი ნავალნის ყოველ ნაბიჯს და ყველაფერს ატყობინებდნენ ცენტრალურ ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ეს გენერლები უკვე პუტინს ატყობინებდნენ. ამიტომ მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნავალნის მომავალი მხოლოდ პუტინსა და მის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. ახლა ფაქტია, რომ დემოკრატიის მდგომარეობა, ზოგადად, მსოფლიოში საფრთხის ზონაში გადადის. ვხედავთ რა ხდება, მათ შორის, აშშ-ში. პუტინი აშკარაა, ელოდება ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლას, რომელიც იქნებ რბილი და პოზიტიური, როგორც ამბობენ, კონსტრუქციულ ჭრილში. ცხადია, პუტინს სერიოზული სანქციებისა და შედეგების აღარ ეშინია. მან გააცნობიერა, რომ დაუსჯელი შეიძლება დარჩეს. დაუსჯელად ხოცავს უკრაინელებს და მიხვდა, რომ დაუსჯელი დარჩება ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მან ნავალნიში თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და კონკურენტი დაინახა, ნომერ პირველი კონკურენტი. ხოლო იმ დროს არჩევნების გაყალბება, როცა მისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტი ციხეში იყო, პუტინისთვის რისკს წარმოადგენდა, რადგან მას ყოველთვის მოუწევდა ეღიარებინა, რომ მისი მთავარი კონკურენტი ციხეში იყო.

ახლა მისი ხელახლა არჩევის ბრალდება შეიძლება მოიხსნას, რადგან ის იტყვის, რომ იცით, ის მკვდარია, მისი მთავარი მოწინააღმდეგე მკვდარია და აღარ არსებობს პოლიტიკური ოპონენტი ასპარეზზე. ასე რომ, ხალხს, სავარაუდოდ, ენდომება მისი ხელახლა არჩევა. ყოველივე ეს ამაზრზენია და დღევანდელ რუსეთში ამ რეჟიმის არაჰუმანურობაზე მიუთითებს.

ვიტალი კოჟოკარი: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend