დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები, რომელთაგან ნაწილი სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, საუბრობს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოულოდნელი სიკვდილის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის მოულოდნელი სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ პუტინის რეჟიმის სისუსტის ნიშანია.
„ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის თითქმის 10 წლის განმავლობაში ებრძოდა. სცადეს მისი მოწამვლა, გაჩუმება, შეშინება, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი მისი სიკვდილის შესახებ გავიგეთ. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მისი სიკვდილი უპირველესი დასტურია იმისა, თუ როგორი გახრწნილია რუსული სისტემა, რომელიც პუტინმა შექმნა”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი ამბობს, რომ რუსი პოლიტიკოსის საპატიმროში სიკვდილი რუსული რეჟიმის დაუნდობელი ბუნების კიდევ ერთი დასტურია.
„ეს საშინელი ამბავია, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი დაუნდობელი და სასტიკია პუტინის მიერ შექმნილი რეჟიმი. მოსკოვში რაც არ უნდა თქვან, ყველამ კარგად იცის ვინ არის პასუხისმგებელი. პასუხისმგებელი რუსეთია და ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი გვექნება სათქმელი”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ალექსეი ნავალნის მამაცი ადამიანი უწოდა.
„მე ალექსეი ნავალნის ბერლინში შევხვდი. მაშინ, როდესაც ის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მე მას ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნების შესახებ დიდი სიმამაცის დასტური იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, პუტინის მტერია“, – თქვა ოლაფ შოლცმა.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმაა.
„დამწუხრებული ვარ ამ ინფორმაციით, რუსულ მხარეს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ალექსეი ნავალნი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი იყო, ის დემოკრატიას უჭერდა მხარს. ალიანსი და წევრი სახელმწიფოები დიდი ხანია ვითხოვდით მისი საპატიმროდან გათავისუფლებას. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, ალექსეი ნავალნის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებაში მომავალ თაობებს შთააგონებს.
„ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია შოკისმომგვრელია. ვლადიმერ პუტინს ქვეყნის მოსახლეობის ეშინია, იმ ადამიანების, რომლებიც სიმართლის თქმას არ ერიდებიან. ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და იდეალებისთვის მებრძოლი ადამიანი იყო. ჩვენ მის ხსოვნას პატივს ვცემთ”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
