ტრამპის განცხადება იყო სამარცხვინო, შოკისმომგვრელი, სახიფათო, არა ამერიკული – ნატოს შესახებ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას პირველად გამოეხმაურა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
”წარმოგიდგენიათ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ამბობს ამას და ეს მთელ მსოფლიოს ესმის? ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის ამას მართლა გულისხმობს. ჩვენს ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს თავი არ დაუხრია რუსი დიქტატორის წინაშე. ღვთის გულისათვის, რა სისულელეა. რა სამარცხვინოა. ის სახიფათოა. ის არაა ამერიკელი”.
ჯო ბაიდენმა თავის წინამორბედს შეახსენა, რომ ნატოს მეხუთე მუხლი სინამდვილეში მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა, ისიც ამერიკის შეერთებული შტატების დასაცავად.
“ნატოსადმი ვალდებულება წმინდაა. დონალდ ტრამპი კი ამას ისე უყურებს, თითქოს ტვირთია…. მას არ ესმის, რომ ნატო აგებულია თავისუფლების, უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტურ პრინციპებზე. იმიტომ, რომ ტრამპისთვის პრინციპებს არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა. მას არ ესმის, რომ ეს ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ, ჩვენთვისაც მუშაობს. მე შევახსენებდი ტრამპს და ყველას, ვინც ნატოს დატოვებაზე საუბრობს, რომ მეხუთე მუხლი მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული ნატოს ისტორიაში… მხოლოდ ერთხელ. და ეს მოხდა ამერიკის გამო, მას შემდეგ , რაც ჩვენ თავს დაესხნენ 11 სექტემბერს. ეს არასდროს უნდა დავივიწყოთ. მოგეხსენებათ, ჩვენი მოწინააღმდეგეები დიდი ხანია ცდილობდნენ ალიანსში ბზარების გაჩენას”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა და პირობა დადო, რომ დაიცავს ნატოს თითოეულ სანტიმეტრს, სანამ პრეზიდენტის პოსტი უკავია.
დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წაახალისებს რუსეთს, თავს დაესხას ნატოს იმ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვისთვის არასაკმარის თანხებს იხდიან.
დიდი ალბათობით ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მეტოქე რესპუბლიკური პარტიიდან, სწორედ დონალდ ტრამპი იქნება.