მთავარისაქართველომიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში

მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში

გამოქვეყნდა 2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში. დოკუმენტის ავტორებმა მსოფლიოში არსებული მთავარი საფრთხეების შესახებ შეხედულებების გამოსავლენად 13 ქვეყნის, მათ შორის დიდი შვიდეულისა და “ბრიქსის” წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის მოქალაქეები გამოკითხეს.

ანგარიშში დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ქვეყნებად დაიყო. წერია, რომ ომმა უკრაინაში ჩამოშალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და აიძულა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, აერჩიათ მხარე.

უკრაინის, გერმანიის, იაპონიის, საფრანგეთის, კანადისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დაასახელეს. ენერგეტიკული და საკვების კრიზისები მსოფლიოს წინაშე მთავარი საფრთხეა BRICS-ის ქვეყნების თვალსაზრისით. ხოლო ჩინეთში კორონავირუსის პანდემია, ახალი ეპიდემიების გავრცელება და ბირთვული იარაღი მიიჩნევა მთავარ საფრთხეებად.

დიდი შვიდეულის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნები ათ წელში ნაკლებად უსაფრთხო იქნება ვიდრე ახლა, მოელიან ეკონომიკურ არასტაბილურობასაც.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსეთის პოსტსაბჭოთა მიკროიმპერიაში ახლა მხოლოდ ბელარუსიღა დარჩა, რადგან კრემლმა ვერ შეძლო საკუთარ ბანაკში შეეყვანა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მიუხედავად ამისა, კრემლი განაგრძობს ამ ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეგმებში ჩარევას.

ანგარიშში საუბარია საქართველოზეც. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ევროკავშირმა რეკორდულ დროში დაიწყო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოსაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ სერიოზული კითხვები იბადება.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში ბოლო დროს შენიშნულ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელია მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. ანგარიშის თანახმად, მას აკისრია პასუხისმგებლობა, ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ ევროკავშირის გზიდან ჩამოშორებაზეც.

ანგარიშში საუბარია 2023 წლის ივლისში გამართული ვილნიუსის სამიტის შესახებაც, სადაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა ეს პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანი რჩება.

სწორედ ამ ანგარიშს დაეყრდნობა ის დისკუსიები, რომლებიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 17-იდან 19 თებერვლამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას 50 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს, მათ შორის იქნება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1962 წლიდან ტარდება. რუსეთმა კონფერენციაში მონაწილეობა პირველად 1999 წელს მიიღო. ხოლო 2007 წელს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ნატოს გაფართოების გამო აშშ და მისი მოკავშირეები გააკრიტიკა.

2022 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო 2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ მიუწვევიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend