მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირის “თავდაცვითი კავშირი”

ევროკავშირის “თავდაცვითი კავშირი”

დონალდ ტრამპის განცხადებებმა ნატოს შესახებ გამოააშკარავა დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი რეალობა, რომ ევროკავშირს დამოუკიდებლად  არ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას კვლავ აპირებს, პირობა დადო, რომ არ დაიცავს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაზე არ დახარჯავენ მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს.

დონალდ ტრამპის მუქარა NATO-ს წევრ ქვეყნებს

ამის შემდეგ ევროპაში ჩნდება კითხვა, რამდენადაა შესაძლებელი შეიქმნას ნამდვილი „თავდაცვითი კავშირი“.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ევროკავშირი ბევრ საკითხში ჯერ კიდევ დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე, უკრაინაში მიმდინარე ომმა კი კიდევ უფრო გააძლიერა ეს დამოკიდებულება.

მათ შორისაა, მიჰაი სებასტიან ჩიჰაია – ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი

“მაგალითისთვის დავასახელებ სტრატეგიულ შესაძლებლობებს, რომლებიც ძალიან საჭიროა ევროკავშირის დონეზე. ვგულისხმობ სტრატეგიულ სატრანსპორტო, სატელიტურ შესაძლებლობებს, საზღვაო და საჰაერო ძალების სიტუაციურ ინფორმირებასა და ამავე დროს ერთობლივ ლოგისტიკას”, – ამბობს ჩიპაია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო დანახარჯი საკმაოდ მაღალია და მან  2022 წელს 240 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც თითქმის უტოლდება ჩინეთის დანახარჯს, რუსეთისაზე კი ორჯერ მეტია.

თუმცა პრობლემა უფრო სხვა რამეა… სად და როგორ იხარჯება ეს თანხები, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,  რადგან  არჩევანი უნდა გაკეთდეს გრძელვადიან და მოკლევადიან მოთხოვნებს შორის.

“მოკლევადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რასაკვირველია, გვჭირდება, შევავსოთ საბრძოლო მასალის მარაგი და შესაძლებლობები და სასწრაფოდ შევიძინოთ ახალი საშუალებები. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ გრძელვადიანი პერსპექტივაც, რომელიც ევროპული შესაძლებლობის განვითარებას გულისხმობს. ამ საკითხზე ხშირად საუბრობენ პრესასა თუ გარკვეული გადაწყვეტილებების დროს”, –  განმარტავს მიჰაი სებასტიან ჩიჰაია – ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი.

„თავდაცვითი კავშირის“ ამოცანა არ არის ევროკავშირის არმიის შექმნა,  რისი მიღწევა ისედაც შეუძლებელია ამ ეტაპზე, მისი მიზანია, ევროპულ დონეზე გაიზარდოს შეიარაღების თავსებადობა, შესყიდვა და მიწოდება.

ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე  გადაიდგა, მაგალითად, მიიღეს  კანონი, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან საბრძოლო მასალის წარმოების დაფინანსების საშუალებას იძლევა, ასევე მსოფლიოში სამშვიდობო მისიებისათვის   შეიქმნა 5000-კაციანი სწრაფი რეაგირების ძალები.  თუმცა საჭიროა სხვა ზომების გატარებაც.

ნატალი ლუაზო საფრანგეთის პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ევროპამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები თავდაცვის გასაძლიერებლად.

“როდესაც ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ომი კი არ უნდა წამოვიწყოთ,  არამედ ჩვენზე მომართული  აგრესიის საფრთხე უნდა ავიცილოთ თავიდან. ასე რომ,  ახლა თუ არა, მაშ,  როდისღა უნდა მივიღოთ სერიოზულად მხედველობაში ევროპის თავდაცვის საკითხი?”, – სვამს კითხვას ნატალი ლუაზო.

ერთ-ერთ იდეა, რომელსაც საფრანგეთის მთავრობაც უჭერს მხარს, ის არის, რომ ევროკავშირმა სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად ობლიგაციები უნდა გამოსცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend