ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის შტატებში ძლიერი უამინდობაა. მთავარ პრობლემას კი ქმნის სწრაფად მოძრავი ზამთრის ქარიშხალი, რომელსაც თან სდევს თოვლი და ქარბუქი. ახალი ინგლისის რეგიონში, რომელიც ქალაქ ბოსტონის მიმდებარედაა, დიდი თოვლი მოვიდა. ამის გამო მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, რომლებსაც სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძირითადად, ავტოსაგზაო შემთხვევები მოლიპულ გზებზე ხდებოდა. დროებით დაიხურა სხვადასხვა დაწესებულება, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცივ ზამთარს მიჩვეულები არიან, თუმცა წელს ამინდმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.

„ამ ამინდის წყალობით სამსახურში დაგვასვენეს და ბედნიერი ვარ. თუმცა ბევრი შეფერხებაცაა, გადაადგილება ჭირს. ქარი გაძლიერდა. ბევრგან გამოირთო ელექტროენერგიაც. იმის მიუხედავად, რომ თოვლიანი ამინდი მომწონს და სამსახურშიც ვისვენებ, ასეთ ამინდს საპირისპირო შედეგებიც აქვს. მგონი, კიდევ უფრო მეტი თოვლი მოვა ამ დღეებში. ვნახოთ რა იქნება“, – ამბობს პლიმუთის მკვიდრი მარისა ო’კიფი.
მარისა ო’კიფის მსგავსად უამინდობის მიერ შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. ნელსონ ტეილორი მეგობრებთან შესახვედრად თოვლიან და ყინულიან გზაზე თხილამურებით გადაადგილდება, რადგან ავტომობილით მოძრაობა შეუძლებელია.
„უძრავი ქონების სექტორში ვმუშაობ. თუმცა ახლა დასვენების დღეები მაქვს და სახლის საქმეებით ვარ დაკავებული. საქმიანობის შეჩერება უამინდობის დამსახურებაა. ხალხი სახლებიდან არ გამოდის. ახლა ლანჩზე მივდივარ ორი მეგობრის სანახავად, იმედი მაქვს, ორივე მოვა”, – ამბობს პროვიდენსის მცხოვრები ნელსონ ტეილორი.

აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში 38 სმ-ამდე თოვლი მოვიდა. რამდენიმე შტატის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. ნიუ-იორკსა და ბოსტონში დახურულია სკოლები, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. ქარიშხლის გამო პენსილვანიაში დაახლოებით 140 000, ხოლო ნიუ ჯერსიში დაახლოებით 12 000 ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო აშშ-ის რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა.
