ისრაელში “ჰამასის” შეჭრის შემდეგ ებრაელები თავს დაცულად ვეღარსად გრძნობენ და ეს მხოლოდ ისრაელში არ ხდება. ეს ხდება ყველგან, თუნდაც, ისრაელისგან ძალიან შორს. მაგალითად აშშ-ში მცხოვრებ ებრაელებს მუდმივად აქვთ საფრთხის განცდა. ამას კვლევებიც ადასტურებს. 2023 წელს ამერიკის ებრაული კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 22 პროცენტით გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ანტისემიტური განწყობების გამო თავს დაუცველად გრძნობენ.
„ამ წლის კვლევებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ანტისემიტური განწყობები, რომლებიც ადრე არც ისე დიდ პრობლემას წარმოადგენდა, 7 ოქტომბრის შემდეგ გამწვავებულია, ეს მოსახლეობაში შიშს იწვევს. კვლევის შედეგები ადასტურებენ იმას, რაც ჩვენ მთელს მსოფლიოში მცხოვრები ებრაული თემის წევრებისგან მოგვისმენია. ადამიანები აქ თავს დაცულად არ გრძნობენ, სწორედ ამიტომ უწევთ დამალონ ის, თუ ვინ არიან სინამდვილეში“,- ამბობს ტედ დოიჩი, “ამერიკის ებრაული კომიტეტის” წარმომადგენელი.
ამერიკაში მცხოვრები ებრაელების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მათ ბევრი რამის შეცვლა მოუწია, მაგალითად, ქცევისა და ჩაცმულობის. ერიდებიან სოციალურ ქსლებში აქტიურობასაც, რათა არ გახდეს საჯარო მათი წარმომავლობა. ტედ დოიჩის თქმით, ეს თავშეკავებულობა ებრაელებისთვის მძიმე ტვირთად იქცა.
„შედეგები რეალურად გვიჩვენებს იმ სურათს, რაც მთელ ქვეყანაში ხდება. დიახ, ჩვენ საქმე გვაქვს კონგრესსა და თეთრ სახლთან და დიახ, უნდა არსებობდეს ეროვნული სტრატეგია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი მხარდამჭერები სხვა რელიგიური თემებიდან იქნებიან ჩვენ გვერდით იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს, ვებრძოლოთ სიძულვილს“, – ამბობს ტედ დოიჩი, ”ამერიკის ებრაული კომიტეტის” წარმომადგენელი.
ორგანიზაციამ ანტისემიტიზმის შესახებ მოქალაქეთა განწყობების კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 წლის წინ აშშ-ში, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში, სინაგოგას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ამ ამბავს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. იყვნენ დაშავებულებიც.
ებრაელების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მსოფლიოში ანტისემიტური განწყობები წლიდან წლამდე იზრდება.