მომავლის სპეციალისტები

ევროპაში მუშახელის დეფიციტის აღმოსაფხვრელად დასაქმებულთა გადამზადებას გეგმავენ

მთელ ევროპაში კომპანიები მუშახელის დეფიციტს განიცდიან. ციფრულ და უფრო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ეტაპზე  კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მაინც როგორ უნდა მოგვარდეს ამ მზარდი მოთხოვნის პრობლემა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ევრონიუსის“ კორესპონდენტმა ფანი გორემ სცადა. მან  ევროპაში იმოგზაურა, რათა ენახა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ბიზნესი და  რამდენად აგვარებს მუშახელის დეფიციტის საკითხს მისი კვალიფიკაციის ამაღლება.

პირველი გაჩერებაა სლოვენიაა. ამ ქვეყნის დინამიკურ და ციფრულ ეკონომიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.  ლიუბლიანაში მდებარე მარკეტინგული სააგენტოს მენეჯერს როკ ზაიცს გარკვეული პროფილის სპეციალისტების დაქირავება ძალიან უჭირს, განსაკუთრებით გამოცდილი კადრების.

როკ ზაიცი, Bold Group-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების პოვნას, მათ შორის დიზაინერების, მარკეტინგის სპეციალისტების, პროგრამისტების და მაღალი კვალიფიკაციის დიზაინერების. მაგრამ  ძალიან დიდი თვითმოტივაცია და  სხვადასხვა კურსის გავლაა საჭირო, რათა მაღალ კვალიფიკაციას მიაღწიო იმ პროდუქციის კუთხით, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ. ჩემი აზრით, ახლა კონკურენცია მხოლოდ სლოვენიის შიგნით კი არ მიმდინარეობს, არამედ ევროპისა და ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით. და შეიძლება სხვა ქვეყნებში  ჩვენ მიერ შეთავაზებულ ხელფასზე ბევრად მეტი შესთავაზონ, ეს არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.“

ევროკავშირმა მიზნად დაისახა, რომ 2030 წლისთვის ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების 20 მილიონი  სპეციალისტი ჰყავდეს. სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებელს რომ მიაღწიოს, ევროპას კიდევ 11 მილიონი ასეთი სპეციალისტი აკლია. ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა სლოვენიისთვის. სლოვენიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ემილია სტოიმენოვა ამბობს, რომ პირველ რიგში, განათლების სისტემის ადაპტაცია უნდა მოხდეს.

„ ეს მხოლოდ სლოვენიასა და ევროპას კი არ სჭირდება, არამედ მთელ მსოფლიოს, რადგან ტექნოლოგიების სფერო სრულიად შეიცვალა. მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. მთავრობას რაც ახლავე შეუძლია გააკეთოს, არის არსებული მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი იმ კვალიფიკაციას იღებენ, რაც საჭიროა. გასულ წელს, მაგალითად, დაახლოებით 30 ათასი მოქალაქე დაესწრო უფასო კურსებს, რაც საკმაოდ ბევრია სლოვენიისთვის, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 2 მილიონია. ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, მთლიანად ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს, მუშაობის, განათლების წესს და ეს ასე გაგრძელდება. ამიტომ უნდა მოვერგოთ მას. და რაც მალე მოვახერხებთ ადაპტაციას, მით უკეთესი,“ -განმარტავს ემილია სტოიმენოვა და ერთ-ერთ თავის საყვარელ პროექტსაც ასახელებს, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალების დასაქმებას ემსახურება.

სლოვენიის დედაქალაქი, ლიუბლიანა
– Euronews

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტების მხოლოდ 17 პროცენტია ქალი,“ – ამბობს მინისტრი. „ამიტომ შეიძლება ჩემი ყველაზე საყვარელი პროექტი ის ციფრული პროექტია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა  ქალებისთვის ციფრული კვალიფიკაციის მინიჭება და ამაღლება ხდებოდა. ჩვენ ამ სფეროს წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობდით, რათა მას შესაფერისი კადრები მიეღო“.

მუშახელის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია ევროკომისიის ამბიციის მხოლოდ ნაწილია. მაინც რას აკეთებს ევროკომისია დასაქმების ბაზარზე წონასწორობის აღსადგენად? ამაზე კარგად მეტყველებს სტატისტიკა.

ევროკავშირში რამდენიმე სექტორში მუშახელის დეფიციტია. მრეწველობაში დამსაქმებელთა 22 პროცენტი ამბობს, რომ საჭირო კადრებს ვერ პოულობს.  იმავეს უჩივის დამსაქმებელთა 28 პროცენტი სამშენებლო სექტორში, მომსახურების სექტორში კი 30 პროცენტი. ეს პრობლემა შესაძლოა უფრო გამწვავდეს დროთა განმავლობაში, რადგან ევროპელები ბერდებიან და შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობაც იკლებს. ამის პარალელურად კი ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება. ვარაუდობენ, რომ ჯანდაცვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური ტექნოლოგიების სფეროებს ათასობით ახალი მუშახელი დასჭირდებათ. მუშახელის დეფიციტმა შესაძლოა ეკონომიკა დააზარალოს. ამიტომ ევროკავშირში შემდეგ ნაბიჯებს დგამენ: არსებულ კადრებს  კვალიფიკაციის ამაღლებაში ან პროფილის შეცვლაში ეხმარებიან;  ევროკავშირის მასშტაბით დასაქმება რომ წაახალისონ, ხალხს მიმოსვლას უადვილებენ, გარდა ამისა, მარტივდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გაცემული კვალიფიკაციების აღიარება, რათა კადრები იქიდანაც მოიზიდონ.

ევროკავშირში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია ლითონზე მომუშავე ჩარხის ოპერატორები, მშენებლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, სატვირთოს მძღოლები, მზარეულები და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები.

ლისაბონში მოქმედი მეტალურგიული ჯგუფის Alsil-ის ხელმძღვანელი  ნუნო ტეიშეირა მუდმივად ეძებს ინჟინრებსა და ოპერატორებს როგორც ხელით, ისე პროგრამულად სამართი დანადგარებისთვის.

„ჩვენს სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მართლაც ამ სფეროში კვალიფიციური კადრების პოვნაა,“ – ამბობს Alsil-ის ხელმძღვანელი. „სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს სხვა სფეროს. გავრცელებულია ასეთი აზრი, რომ ამ სფეროში მუშაობა ძალიან ძნელი და შრომატევადია“.

გაციფრულებისა და რობოტიზაციის შედეგად ამ სფერომ დიდი ცვლილება განიცადა. ნუნო ცდილობს, კადრები მოიზიდოს როგორც პორტუგალიიდან, ისე პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებიდან.

„სულ უფრო მეტად არის საჭირო ტექნოლოგიის ცოდნა სხვადასხვა სფეროში,  საინფორმაციო ტექნოლოგია ჩვენ ბოლო დროს მანქანა-დანადგარებშიც ვიყენებთ, რადგან ისინი სულ უფრო რთული კომპონენტებისაგან შედგება. თუ კომპანიებს კადრების მოზიდვა სურთ, მათ უნდა შესთავაზონ როგორც პროფესიული განვითარების, ისე პირადი ცხოვრების შესაძლებლობები“, – განმარტავს ნუნო ტეიშეირა.

ედუარდო სანტოსი და რუი მიგელ პინეირუ ლეალი მანქანა-დანადგარის ოპერატორები არიან. ორივესთვის ეს სრულიად ახალი საქმეა, რომელსაც წელიწადნახევრიანი ტრენინგის გავლის შემდეგ მოჰკიდეს ხელი.

„ მე სულ სხვა სფეროდან მოვედი. ეს დარგი კარგად არ ვიცოდი, როდესაც ტრენინგი დავასრულე, ძალიან  მომეწონა. მგონია, რომ კარგად გამომდის ეს საქმე და მინდა, გავაგრძელო. ეს ჩემი პროფესიაა“, – ამბობს ედუარდო..

„ეს ძალიან რთული დარგია, სადაც ყოველდღე რაღაც ახალი გჭირდება, ამიტომაც მიზიდავს და მგონია, რომ კარგი მომავალი აქვს“, – განმარტავს რუი.

ედუარდომ და რუიმ ტრენინგები  გაიარეს საჯარო და კერძო გადამზადების ცენტრში (CENFIM),  რომელსაც ევროპის სოციალური ფონდი European Social Fund Plus-ი აფინანსებს. პორტუგალიის ექსპორტი ამ სფეროში წელიწადში თითქმის 23 მილიარდ ევროს გაუტოლდა, ასე რომ, სასწორზე ძალიან ბევრი დევს.

მანულე პინეირუ გრილუ, CENFIM-ის დირექტორი:

„რაც შეეხება დასაქმებას, მისი წყალობით 230 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა არა მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის, არამედ ზოგადად კადრებზე არსებული მოთხოვნის გამო.“

ევროპის ყველა კუთხეში ყველაზე მეტად სწორედ ციფრულ უნარებზეა მოთხოვნა. ლიუბლიანაში კი ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ხაზს უსვამს ცოდნის გადახალისების აუცილებლობას.

ემილია სტოიმენოვა დუჰი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი:

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ციფრული უნარები მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კი არ სჭირდებათ, არამედ ყველა ინდუსტრიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან, ჩვენ გვჭირდება კომპანიების ჩართულობა, მათ კი ინვესტიციები უნდა ჩადონ საკუთარ მუშახელში. და ბოლოს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ, რაც არ უნდა დავამთავროთ, როგორი უმაღლესი სკოლა და ფაკულტეტი, ეს საკმარისი არ არის. სამყარო იცვლება და ჩვენ სულ ახალი და ახალი კვალიფიკაცია გვჭირდება. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სწავლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება“.

ევროკომისიის ინფორმაციით, მის მიერ ინიცირებულ „უნარების პაქტის“ (Pact for Skills) წყალობით თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა ან  კვალიფიკაცია აიმაღლა, ან ახალი პროფესია შეიძინა.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend