გამოქვეყნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიში, სადაც აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ვითარებაა განხილული.
ანგარიშში მთავარი ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ომზე უკრაინაში და მის გავლენებზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. ანგარიშში წერია, რომ
რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაანადგურა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და აიძულა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, აირჩიონ მხარე.
ამასთან ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ომმა აიძულა ევროკავშირი გამოიყენოს გაფართოება როგორც გეოსტრატეგიული ინსტრუმენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაცრისფერი ზონიდან გამოსაყვანად, თუმცა აქვე ნათქვამია, რომ გაურკვეველია, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამას და რამდენად იქნება ამისთვის მზად ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსეთის პოსტსაბჭოთა იმპერიაში ახლა მხოლოდ ბელარუსი რჩება, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარ ბანაკში შეეყვანა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ანგარიშში მითითებულია, რომ კრემლს შეუძლია ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ გეგმებს.
Belarusians must have a voice in global security decisions. We cannot postpone addressing the #Belarus issue to a later time. That’s why we are traveling to #Munich this week to ensure democratic Belarus is part of crucial discussions shaping the future world order. #MSC2024 pic.twitter.com/T9NhWsL2Qs
— Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) February 13, 2024
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და ნატოს წევრებმა სასწრაფოდ უნდა შეამცირონ აღმოსავლეთ ევროპის ნაცრისფერი ზონა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რუსეთი დამარცხდეს.
გარდა ამ ზოგადი პუნქტებისა, ანგარიშში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეცაა საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღო მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ირგვლივ არსებული სერიოზული კითხვებისა. ასევე ნახსენებია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ის პრორუსულ ოლიგარქად არის მოხსენიებული. ანგარიშში წერია ისიც, რომ მართალია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ეს ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ირგვლივ არსებული სერიოზული კითხვების არსებობის პირობებში მოხდა. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პარტიის დამფუძნებელია.
მიუნხენის კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, საქართველოდან კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრება დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. მიუნხენში დამოუკიდებლად აპირებს გამგზავრებას საქართველოს პრეზიდენტიც. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში მედიას უთხრეს, პრეზიდენტს ნებართვისთვის მთავრობისთვის არ მიუმართავს.