მთავარიამერიკააშშტრამპს აკრიტიკებენ “უგუნური და სულელური” განცხადების გამო

ტრამპს აკრიტიკებენ “უგუნური და სულელური” განცხადების გამო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებას ნატოს წევრი ქვეყნებისადმი რუსული აგრესიის წახალისების შესახებ თეთრი სახლისა და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებას შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი უწოდა.

თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა თქვა, რომ ,,მკვლელი რეჟიმების მიერ აშშ-ის უახლოესი მოკავშირეების თავდასხმის წახალისება შემზარავია და რომ ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობასა და ქვეყნის ეკონომიკას“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ “ნებისმიერი წინადადება, რომელიც მიანიშნებს, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ყველას უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ისას და რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს”.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც. მათი ნაწილი შიშობს, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს დამატებით ბიძგი მიეცეს, გააფართოოს აგრესია ევროპის კონტინენტზე.

,,მომეცით ნება ვიყო სარკასტული. ამ კამპანიის დროს ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქმეს. ნატო ვერ იქნება სამხედრო ალიანსი, რომელიც ამა თუ იმ დღეს აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით მუშაობს. ნატო ან იარსებებს როგორც სამხედრო ალიანსი ან არა. არ ვაპირებ დრო დავუთმო ყველა სულელურ განცხადებას, რომელსაც აშშ-იდან ამ საშინელი კამპანიის დროს მოვისმენთ”, – ამბობს ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ტრამპის სიტყვები გააკრიტიკა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მისი თქმით, სამხედრო ალიანსის მე-5 მუხლში გაწერილი სოლიდარობის შესახებ უგუნური განცხადებების კეთება მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

როგორც ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ფრანგულ ტელევიზიასთან საუბრისას თქვა, ტრამპის განცხადება აჩვენებს, რომ ამერიკული დემოკრატია ავადაა.

დონალდ ტრამპი საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც შეიარაღებაზე შედარებით ნაკლებ თანხას ხარჯავდნენ. ტრამპს ეს მიდგომა არც მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის დროს შეუცვლია. კამპანიის ფარგლებში სამხრეთ კაროლინაში გამართულ მსვლელობაზე დონალდ ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერებთან საუბარი გაიხსენა.

,,ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ლიდერმა დამისვა ეს შეკითხვა. ადგა და მკითხა, თუ არ გადავიხდით გადასახადებს და რუსეთი თავს დაგვესხა, დაგვიცავ? მე ვუპასუხე „არ გადაიხადე? დამნაშავე ხარ?“ მან თქვა: „დიახ, მოდით, ვთქვათ, რომ ასე მოხდა“, რაზეც ვუპასუხე: „არა, მე არ დაგიცავ“. სინამდვილეში, წავახალისებდი რუსებს გაეკეთებინათ ის, რაც უნდათ. გადასახადები უნდა გადაიხადოთ“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მიუხედავად კრიტიკული გამოხმაურებებისა დონალდ ტრამპს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აქვს. მისი მხარდამჭერების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არა რუსული აგრესიის წახალისებას, არამედ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და რომ მას უბრალოდ პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი საუბრის მანერა აქვს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან. ხელშეკრულების თანახმად ,,მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან რამდენიმე წევრ ქვეყანაზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, ყველა მოკავშირეზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს“. მე-5 მუხლი ბოლოს სწორედ აშშ-ის დასაცავად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ამოქმედდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend