მთავარიგადაცემებიBusiness Planetქარის ენერგია ევროპაში - რეალური პროგრესი თუ ცარიელი სიტყვები?

ქარის ენერგია ევროპაში – რეალური პროგრესი თუ ცარიელი სიტყვები?

მიდის თუ არა ევროპა ქარის ენერგიის წილის ზრდის დასახული მიზნისკენ?

ევროპელი მეწარმეები ცდილობენ, დროს გაასწრონ და რაც შეიძლება სწრაფად ააშენონ ქარის იმდენი  ელექტროსადგური, რამდენიც განახლებადი ენერგიის 2030 წლისთვის დასახული მიზნობრივი მოცულობის მისაღწევად არის აუცილებელი. ევრონიუსის კორესპონდენტი ანდრეა ბოლითო ესაუბრა ევროპის ქარის ელექტროენერგიის სექტორის წარმომადგენლებს.

გასულ წელს ევროპაში ქარის რეკორდულად დიდი რაოდენობის  ელექტროსადგური აშენდა – თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ევროკავშირმა მწვანე ენერგიის მოცულობის ზრდის დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ჩრდილოეთ ბელგიაში მოქმედი კომპანია ZF Wind Power-ი მსოფლიო ლიდერია ქარის ტურბინების გადაცემათა კოლოფების წარმოების კუთხით, რომელიც ამ ტურბინის ხერხემალია. ტურბინების ზომა სულ უფრო მატულობს და მას კვალდაკვალ მიჰყვება გადაცემათა კოლოფისა და ძალური დანადგარის ზომაც – ამიტომ საჭიროა, გაიზარდოს მათი საცდელი აპარატის ზომაც. დრო არ იცდის და ქარის ელექტროენერგიის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირმა Wind Power Package-ი დაიწყო. კომპანია ZF Wind Power-ის ხელმძღვანელი ფელიქს ჰენზელერი ამბობს, რომ, მართალია, მომავალი წლისთვის ამ სექტორის სიმძლავრის გაორმაგება შეუძლებელია, მაგრამ ქარის  რამდენიმე ელსადგური რეალურად მოლოდინის რეჟიმშია და თუ მოთხოვნა იქნება, მათი სიმძლავრის სწრაფად დამატება სავსებით შესაძლებელია:

„ბაზარზე უკვე არსებობს ხელმისაწვდომი სიმძლავრე, რომლის დამატებაც სწრაფად შეგვიძლია. ეს ამბიციური გეგმაა, მაგრამ არა შეუძლებელი, ოღონდ ახლავე უნდა შევუდგეთ საქმეს. ამისათვის საჭირო ყველა იარაღი ხელთ გვაქვს, მათ შორის „ქარის ელექტროენერგიის პაკეტიც“ (Wind Power Package), რომელიც ახლახან ჩაუშვა ევროკავშირმა და მისი წევრი ყველა სახელმწიფო დათანხმდა.“

კომპანია ZF Wind Power-ი ძალურ  დანადგარებს ამზადებს კომპანია Vestas-თვის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ტურბინების წარმოებაში. Vestas -ის ჯგუფის უფროსი ვიცე-პრეზიდენტ მორტენ დიურჰოლმი ამბობს, რომ თუ ევროპა ბიუროკრატიას არ გაამარტივებს, იგი დათქმულ ვადებში ვერ ჩაჯდება.

„ევროპაში შესაძლოა 7-10 წელი დასჭირდეს ქარის ელექტროსადგურის პროექტის დამტკიცებას, მის ამოქმედებასა და ქსელში საბოლოოდ ჩაშვებას. ასე რომ, ჩვენ  გვაქვს სიტყვის საქმედ ქცევის პრობლემა,“ – ამბობს მორტენ დიურჰოლმი.

ქარის ენერგია ევროპის ელექტრომომარაგების 19 პროცენტს შეადგენს – ეს მოცულობა საკმარისია, რათა მთლიანად უზრუნველყოს პორტუგალიის ელექტრომომარაგება. ევროკავშირის მიზანია, ეს წილი 2030 წლისთვის 30 პროცენტზე ავიდეს.

ახლახან ევროკავშირის 26 ქვეყანამ მოაწერა ხელი „ქარის ელექტროენერგიის ქარტიას“, რომელიც ხელმომწერებს ავალდებულებს, სრულად დანერგონ „ქარის ენერგიის პაკეტით“ განსაზღვრული პუნქტები. ამ მოთხოვნებს შორის არის ნებართვების გაცემის წესების ჰარმონიზაცია, აუქციონების პირობების გაუმჯობესება ფასების ინდექსაციის გზით და იმ პრობლემების შემცირება, რომლებიც გამოიწვია მზარდმა ინფლაციამ და პორტებსა და გადამცემ ქსელებში ჩადებულმა ინვესტიციებმა.

ბრიუსელში ბაზირებული ქარის ენერგიის ინდუსტრიის წარმომადგენელი ასოციაცია WindEurope-ის წევრები კმაყოფილი არიან ამ ამბით.

ჟილ დიქსონი, კომპანია WindEurope-ის ხელმძღვანელი:

„ეს ძალიან გააადვილებს ნებართვების აღებას ახალი ქარის ელსადგურის ასაშენებლად, რაც ძალიან რთული და ბიუროკრატიული მექანიზმი იყო. ევროკავშირის მიერ შემოტანილი ახალი წესები ნებართვების გაცემას ამარტივებს. გერმანიასა და ესპანეთში გასულ წელს  ხმელეთის ქარის ელსადგურებზე 70 პროცენტით მეტი ნებართვა გაიცა, ვიდრე მის წინა წელს. ახლა ჩინელებთან გვიწევს კონკურენცია ტურბინების წარმოების კუთხით“.

დიქსონი ამბობს, რომ ჩინელებთან კონკურენცია ძალიან რთულია, რადგან ისინი ისეთ პირობებს სთავაზობენ კლიენტს, რისი შეთავაზებაც ევროპულ კომპანიებს არ შეუძლიათ.

„ისინი ჩვენთან შედარებით გაცილებით დაბალი ფასებით შემოდიან. მათ იციან ჩვენი ფასები და აიაფებენ პროდუქტს,“ – განმარტავს დიქსონი.  „გარდა ამისა, დაფინანსების  ძალიან ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ კლიენტს, მაგალითად, ეუბნებიან, რომ „შეგიძლია 3 წელი არ გადაგვიხადოთ საფასური“.  ჩვენ ამის შეთავაზება არ შეგვიძლია“.

ჩინეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მარაგების მხრივაც ძალიან მყარად დგას ფეხზე.

„დღეს ჩინეთზე ვართ დამოკიდებული იშვიათი მიწის ელემენტების კუთხით, რომლებიც ჩვენი ტურბინების უმეტესობას სჭირდება მუდმივი მაგნიტისთვის. ევროკავშირს სურს ჩვენი ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება და მოწოდების დივერსიფიცირება. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან  იმისთვის, რომ ეს ასეც მოხდეს და ეს ნივთიერებები სხვა ქვეყნებიდან მივიღოთ, ან თუნდაც გავაფართოოთ ამ ნივთიერების ევროპული მოწოდების ჯაჭვი,“ -ამბობს დიქსონი.

დრო გადამწყვეტი ფაქტორია, თუკი ევროპის ქარის ენერგიის ინდუსტრიას ნამდვილად უნდა სრული პოტენციალი აითვისოს არა მხოლოდ ქარის ენერგიის წარმოების კუთხით, არამედ მისი მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების სექტორის გაკონტროლების კუთხითაც.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend